title

           

მსოფლიო ლიდერებმა განსაზღვრეს შიდსთან ბრძოლის თამამი ახალი მიზნები 2015 წლამდე პერიოდისთვის

2011 წლის 8-10 ივნისს, ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების შტაბ-ბინაში შედგა გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრა აივ/შიდსის თემაზე. შეხვედრაში მონაწილეობდა 150-ზე მეტი ქვეყნის დელეგაცია, მათ შორის, 30-ზე მეტი ქვეყნის პერველი პირი, პრემიერ-მინისტრები, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ასევე არასამთავრობო სექტორი. შეხვედრაში საქართველოდან მონაწილეობდნენ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ბ-ნი გიგი წერეთელი, სს ინფექციური პათოლოგიების, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის გენერალური დირექტორი, ბ-ნი თენგიზ ცერცვაძე და აივ ინფიცირებულთა მკურნალობისა და მოვლის პროექტის მენეჯერი, ბ-ნი ნიკოლოზ ჩხარტიშვილი.

შეხვედრაზე შეფასდა აივ/შიდსთან 30 წლიანი ბრძოლის შედეგები, არსებული პრობლემები და გამოწვევები და დაისახა მომავალი სამოქმედო სტრატეგიები. პლენარულ სხდომაზე მოხსენებით წარსდგა შეხვედრის მონაწილეთა წინაშე ბ-ნი გ. წერეთელი. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოში აივ/შიდსის ეპიდსიტუაციაზე, პრობლემებსა და გამოწვევებზე და მიღწეულ შედეგებზე შიდსთან ბრძოლის საქმეში.

გაეროს გენერალური ასამბლეის პლენარული სხდომა

გენერალურმა ასამბლეამ მიიღო აივ/შიდსის პოლიტიკური დეკლარაცია, რომელიც განსაზღვრავს აივ/შიდსის წინააღმდეგ ქვეყნების საპასუხო საქმიანობას უახლოესი 5 წლის განმავლობაში, 2015 წლამდე და პრაქტიკულად არის აივ/შიდსის სამოქმედო გეგმა 2011 – 2015 წლებში.

2011 წლის 8-10 ივნისის პოლიტიკური დეკლარაციით, მსოფლიო ლიდერების მიერ განისაზღვრა თამამი ახალი მიზნები შიდსთან ბრძოლის საქმეში 2015 წლამდე პერიოდისთვის. ესენია:

  • შემცირდეს აივ ინფექციის გადაცემა სქესობრივი გზით;
  • 2-ჯერ შემცირდეს აივ ინფექცია ინექციურ ნარკომანებში;
  • გამოირიცხოს აივ ინფიცირების შემთხვევები ბავშვებში;
  • მკურნალობა ხელმისაწვდომი გახდეს 15 მილიონამდე ინფიცირებულისთვის;
  • 2-ჯერ შემცირდეს ტუბერკულოზით გარდაცვალების შემთხვევები აივ ინფიცირებულებში.

დეკლარაცია არის მძლავრი, ხოლო მიზნები გაწერილია დროში და განსაზღვრავენ მკაფიო სამუშაო საგზაო რუქას არა მარტო უახლოესი 5 წლისთვის, არამედ უფრო ხანგრძლივი პერიოდისთვისაც – განაცხადა გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის თავმჯდომარემ იოზეფ დაისმა.

ლინკი

 

Copyright © AIDS Center
2013