title

           

პრესრელიზი

 

პ რ ე ს რ ე ლ ი ზ ი

დავიყვანოთ ნულამდე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოწოდებით 1988 წლიდან 1 დეკემბერი აღინიშნება, როგორც შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე. ის მიზნად აივ/შიდსის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლებას ისახავს და ახდენს შიდსით დაავადებულ პირთა მიმართ საერთაშორისო სოლიდარობის დემონსტრირებას მსოფლიო მასშტაბით. ეს დღე სახელმწიფო და კერძო სექტორიდან პარტნიორებს აძლევს შესაძლებლობას, გაავრცელონ ინფორმაცია პანდემიის სტატუსის შესახებ და ხელი შეუწყონ აივ/შიდსის პრევენციასა და მკურნალობასთან დაკავშირებულ პროგრესს ამ დაავადების მაღალი პრევალენტობის ქვეყნებსა და მთელ მსოფლიოში.

2011-2015 წლებში შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეების თემაა: "ნულოვანი ნიშნულის მიღწევა: აივ ინფექციების ახალი შემთხვევების ნულოვანი მაჩვენებელი. ნულოვანი დისკრიმინაცია. შიდსით სიკვდილობის ნულოვანი მაჩვენებელი". შიდსთან ბრძოლის მსოფლიო კამპანია ფოკუსირდება თემაზე: "შიდსით სიკვდილობის ნულოვანი მაჩვენებელი", რაც გულისხმობს მოქმედებების გააქტიურებას დაავადების მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდის თვალსაზრისით და წარმოადგენს მოწოდებას მთავრობებისადმი, დაუყოვნებლივ განახორციელონ ქმედებები ამ მიმართულებით და შეასრულონ აბუჯას დეკლარაციით გათვალისწინებული დაპირებები.

აივ/შიდსი კვლავ რჩება მსოფლიოში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად, განსაკუთრებით დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყნებში. აივ ინფექცია აზიანებს და იწვევს იმუნური სისტემის ნგრევას, რაც ადამიანის ორგანიზმს ინფექციებისა და დაავადებების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის უნარს ართმევს.. შიდსი (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი) არის აივ ინფექციის ბოლო სტადია.

2004 წლიდან საქართველომ პირველმა და ჯერ-ჯერობით ერთადერთმა აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში უზრუნველყო აივ მკურნალობაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობა. აივ-ზე ტესტირება ერთადერთი გზაა აივ ინფექციის დიაგნოზის დასადგენად, ხოლო ადრეული დიაგნოსტიკა ერთადერთი საშუალებაა აივ ინფიცირებულის სიცოცხლის გახანგრძლივებისა და სრულფასოვანი ცხოვრებისათვის.

დღეისათვის ანტირეტროვირუსული მკურნალობა უტარდება 1971 შიდსით დაავადებულ პაციენტს.

2013 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით საქართველოში რეგისტრირებულია აივ ინფიცირების 4084 შემთხვევა, მათგან 3000 მამაკაცი და 1084 ქალია. საქართველოში აივ/შიდსით დაავადებულთა სავარაუდო რიცხვი 6600-ია. შიდსი განუვითარდა 2477 პაციენტს და 885 გარდაიცვალა. უკანასკნელი წლების დინამიკა მიუთითებს აივ/შიდის ახალი შემთხვევების ნელ, სტაბილური ზრდას. 2013 წლის პირველ 11 თვეში უკვე გამოვლინდა აივ/შიდსის 443 ახალი შემთხვევა.

 

საქართველოში აივ/შიდსის ახალი შემთხვევების დინამიკა წლების მიხედვით



http://www.who.int/mediacentre/events/annual/world_aids_day/en/index.html


აივ ინფექციის გადაცემის ძირითად გზას კვლავ ნარკოტიკების ინექციური მოხმარება წარმოადგენს (51.6%), რასაც მოსდევს აივ სქესობრივი გზით გადაცემა (40% ჰეტეროსექსუალური კონტაქტით ინფიცირება, 5% ჰომოსექსუალური კონტაქტით ინფიცირება).

 

საქართველოში აივ/შიდსის რეგისტრირებული შემთხვევების განაწილება გადაცემის გზების მიხედვით



მიუხედავად მთავრობების, სახელმწიფო თუ არასამთავრო­ბო ორგანიზაციების, მედიკოსების აქტიური მუშაობისა, აივ/შიდსი დღესაც უდიდესი პრობლემაა მსოფლიო მოსახლეობისათვის. პირველი დეკემბრის კამპანიის მიზანია კიდევ ერთხელ მივაპყროთ საზოგადოებისა და ყველა ჩვენგანის ყურადღება ამ სერიოზულ პრობლემას, კიდევ ერთხელ გავაცნობიეროთ შიდსის რეალური საფრთხე.

შემოგვიერთდით

დავიყვანოთ ნულამდე

 

 

 

 

 

 

Copyright © AIDS Center
2013