title

           

პირველი დეკემბერი - შიდსის მსოფლიო დღე

0 აივ ინფექციის ახალი შემთხვევა

0 შიდსით გამოწვეული სიკვდილობის შემთხვევა

0 აივ - ასოცირებული დისკრიმინაცია

1 დეკემბერს ტრადიციულად აღინიშნება შიდსის მსოფლიო დღე. . ყოველწლიურად, მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაში, მ.შ. საქართველოშიც, ტარდება ამ დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიება. შიდსის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ პრობლემის აქტუალობა.

2014 წლის 1 დეკემბრისთვის, საქართველოში რეგისტრირებულია შიდსის ვირუსით ინფიცირების 4640 შემთხვევა, მ.შ. 3409 - კაცი, 1232 - ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-39 წლამდეა. შიდსი განუვითარდა 2814 პაციენტს, 966 გარდაიცვალა. არვ მკურნალობას იტარებს 2122 პაციენტი, მათგან 45 - ბავშვია.

მკურნალობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით 2014 წელს დაიწყო გაეროს შიდსის პროგრამისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ერთობლივი კამპანია:

„90 – 90 – 90„

კამპანია მიზნად ისახავს შიდსის ეპიდემიის შეჩერებას ანტირეტროვირუსული (არვ) მკურნალობის ფართომასშტაბიანი პროგრამის განხორციელებით. 2014 წლის ბოლოსთვის აღნიშნულ მკურნალობას მსოფლიოში მხოლოდ 13.6 მილიონი ადამიანი ღებულობს.

ამ კამპანიის ფარგლებში, 2020 წლისთვის:

  • აივ ინფიცირებულთა 90%-მა უნდა იცოდეს საკუთარი ინფიცირების შესახებ;
  • აივ ინფიცირებულთა 90% უნდა იღებდეს არვ მკურნალობას;
  • მკურნალობაზე მყოფი აივ ინფიცირებულთა 90%-ში მიღწეული უნდა იქნას აივ სუპრესია (სისხლში აივ ვირუსის ნულოვანი დონე)

გაეროს შიდსის პროგრამის მიერ დაიწყო ახალი კამპანია Closing the Gap, რომლის მიზანია 2030 წლისთვის შიდსის ეპიდემიის ელიმინაცია. ამისათვის, გათვალისწინებულია, სხვადასხვა სერვისებით საზოგადოების მოცვის გაზრდა, მ.შ.:

  • აივ ნებაყოფლობითი ტესტირების გაზრდა იმ მილიონობით აივ ინფიცირებულის გამოსავლენად, რომლებმაც არ იციან საკუთარი აივ დადებითი სტატუსის შესახებ და ვერ იღებენ შესაბამის დახმარებას;
  • მკურნალობის პროგრამით მოცვის გაფართოება, რათა მსოფლიო მასშტაბით 35 მილიონი აივ ინფიცირებული ადამიანისათვის ხელმისაწვდომი გახდეს მკურნალობა;
  • მსოფლიოში მკურნალობის პროგრამით აივ ინფიცირებული ბავშვების მოცვის გაზრდა არსებული 24%-დან 100%-მდე;
  • ყველა ადამიანის ჩართულობის უზრუნველყოფა შიდსის საწინააღდეგო კამპანიაში.

თუ მსოფლიო საზოგადოება შეძლებს აღნიშნული ღონისძიებების წარმატებით გატარებას, სავარაუდოდ, 2030 წლისთვის შესაძლებელი იქნება შიდსის ეპიდემიის დამარცხება.

 

 

 

 

 

Copyright © AIDS Center
2015