title

           

საქველმოქმედო აქცია "აუსრულე სურვილი"

მართალია, საქართველო აივ/შიდსის დაბალი გავრცელების ქვეყნებს მიეკუთვნება, მაგრამ ეპიდემიის მასშტაბი მაინც მატულობს. დღეისათვის, საქართველოში რეგისტრირებულია აივ /შიდსის 6385 შემთხვევა, მათ შორის 103 ბავშვია. რამოდენიმე ასეულს გადააჭარბა იმ ბავშვთა რიცხვმა, ვინც მშობლები შიდსის გამო დაკარგა. მათი უმრავლესობა ნათესავების მზრუნველობის ქვეშ დარჩა.

ყოველწლიურად მსოფლიო საზოგადოება მაისის მესამე კვირას შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღეს აღნიშნავს, 1 ივნისს კი ჩვენ მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად ბავშვთა საერთაშორისო დღეს აღვნიშნავთ. აივ დადებითი ბავშვების გულებში იმედის სხივის დასაბრუნებლად 29 მაისს, შიდსით გარდაცვლილ ადამიანთა ხსოვნის პატივის მისაგებად გალერეა შარდენში (მის: სასტუმრო თბილისი მარიოტი, რუსთაველის 13) 14-დან 18 საათამდე ცნობილი მხატვრებისა და სამხატვრო აკადემიის წარჩინებული სტუდენტების ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვის აქცია "აუსრულე სურვილი" გაიმართება.

საქველმოქმედო აქცია ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდის, შიდსის ცენტრის, თბილისის სამხატვრო აკადემიისა და ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ორგანიზებით იმართება.

ორგანიზატორების განცხადებით, აქცია "აუსრულე სურვილი" აივ /შიდსთან მიმართებაში საზოგადოებრივი ცნობიერების და სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლების პირველი მცდელობაა. აქციის მიზანია დაანახოს საზოგადოებას, რომ მცირეოდენი დანახარჯებითა და ძალისხმევით შესაძლებელია ადამიანთა, განსაკუთრებით კი საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და მათი საზოგადოებაში ინტეგრირება.

აქციის ფარგლებში შესაძლებელი იქნება მხარდაჭერის ჯგუფში გაერთიანება აივ დადებითი და შიდსით დაობლებული ბავშვების რეგულარული მხარდაჭერისთვის.

გამოფენაში მონაწილეობას იღებენ: გიორგი გუგუშვილი, ქეთი მატაბელი, რუსუდან ფეტვიაშვილი, გია ბუღაძე, ზურა გომელაური, ნიკო ცეცხლაძე, მამუკა ცეცხლაძე, ლია შველიძე, ოლეგ ტიმჩენკო და სხვა.

აქციის ფარგლებში შეგროვებული თანხა გადაეცემა შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდს, აივ დადებითი და შიდსით დაობლებული ბავშვებისთვის, მათი საბაზისო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

 

 

 

 

 

Copyright © AIDS Center
2015