title

           

ევროპის ღვიძლის დაავადებათა 2018 წლის საერთაშორისო კონგრესი

ა.წ. 11-15 აპრილს ქ. პარიზში ტარდება ევროპის ღვიძლის დაავადებათა საერთაშორისო კონგრესი, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობს ქართველ ჰეპატოლოგთა და ჯანდაცვის ხელმძღვანელთა დიდი ჯგუფი.

11 აპრილს კონფერენციის ფარგლებში გაიმართა სატელიტური სიმპოზიუმი სპეციალურად მიძღვნილი საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამისადმი. სიმპოზიუმის ძირითადი თემა იყო HCV ინფექციის მკურნალობისა და მოვლის დეცენტრალიზაცია.

სიმპოზიუმზე მოხსენებებით გამოვიდნენ ბ-ნ ამირან გამყრელიძე, ქ-ნ ლია ღვინჯილია, ბ-ნ თენგიზ ცერცვაძე, ქ-ნ მაია ბუწაშვილი და ქ-ნ თინათინ ქუჩულორია, აგრეთვე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ერთ-ერთი მთავარი ხელმძღვანელი ბ-ნ Francisco Averhoff ამერიკის CDC-დან და სხვა უცხოელი ექსპერტები.

ბ-მა ამირან გამყრელიძემ თავის პრეზენტაციაში საფუძვლიანად მიმოიხილა საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ძირითადი მიმართულებები და 3-წლიანი გამოცდილება. ყურადღება გაამახვილა ძირითად გამოწვევებზე და მათი დაძლევის გზებზე.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა თენგიზ ცერცვაძემ გააკეთა პრეზენტაცია „HCV ინფექციის მკურნალობისა და მოვლის დეცენტრალიზაცია საქართველოს პირველადი ჯანდაცვის რგოლში“. მან აღნიშნა, რომ ცენტრი ჯერ კიდევ 2017 წლის ოქტომბერში გამოვიდა პირველადი ჯანდაცვის რგოლში HCV ინფექციის მკურნალობისა და მოვლის დეცენტრალიზაციის ინიციატივით და ამჟამად იგი ახორციელებს პილოტურ პროექტს აღნიშნული მიმართულებით, რომლის გამოცდილება ხელს შეუწყობს ქვეყნის მასშტაბით HCV ინფექციის მკურნალობისა და მოვლის დანერგვას პირველადი ჯანდაცვის რგოლში, რაც თავის მხრივ ახალი მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში და დიდად შეუწყობს ხელს პროგრამის წარმატებულ განხორციელებას.

12 აპრილს ევროპის ღვიძლის შემსწავლელი ასოციაციის და ამერიკის CDC-ის ერთობლივ სიმპოზიუმზე, რომელიც ასევე ეძღვნებოდა HCV დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სერვისების დეცენტრალიზაციას, პრეზენტაცია გააკეთა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ბ-ნ დავით სერგეენკომ. მან სიმპოზიუმის მონაწილეებს გააცნო საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიმდინარეობა, ილაპარაკა ძირითად მიღწევებზე და არსებულ გამოწვევებზე, ყურადღება გაამახვილა პირველადი ჯანდაცვის და ზიანის შემცირების რგოლში HCV ინფექციის დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და მოვლის დეცენტრალიზაციის მნიშვნელობაზე. მინისტრის მოხსენებას დამსწრეები დიდი ინტერესით შეხვდნენ.

13 აპრილს ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა თენგიზ ცერცვაძემ კიდევ ერთი პრეზენტაცია გააკეთა HCV ელიმინაციისადმი მიძღვნილ სესიაზე ფართო აუდიტორიის წინაშე, თემაზე „საქართველოში HCV ინფექციის მკურნალობისა და მოვლის კასკადი - 3 წლიანი გამოცდილება“. მან არგუმენტირებულად და დამაჯერებლად განმარტა, თუ რით განსხვავდება და რა უპირატესობები აქვს საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას სხვა ქვეყნების ანალოგიურ პროგრამებთან შედარებით. აგრეთვე ყურადღება გაამახვილა ექსკლუზიურ გადაწყვეტილებაზე საქართველოში კომპანია გილეადის C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტ ჰარვონის მე-2 და მე-3 გენოტიპით პაციენტებში გამოყენების თაობაზე, რამაც საშუალება მოგვცა მიგვეღწია განკურნების ძალიან მაღალი მაჩვენებლისთვის (98%-ზე მეტი). მანვე აღნიშნა, რომ საქართველო იქნება მსოფლიოში პირველი ქვეყანა, სადაც მოხდება C ჰეპატიტის ელიმინაცია. აუდიტორია დიდი ინტერესით და მოწონებით შეხვდა პრეზენტაციას და მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მიღწევებს C ჰეპატიტის ელიმინაციის განხორციელებაში.

 

 

 

 

 

Copyright © AIDS Center
2018