title

           

შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე

2018 წლის 20 მაისს, შიდსის ცენტრის პრესკონფერენცია გაიმართა, რომელიც შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. გარდა ამისა საუბარი, აივ/შიდსის ეპიდგავრცელებას ქვეყანაში და ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის შენობასთან დაკავშირებულ პრობლემებსაც შეეხო.

საქართველოში გასულ წელთან შედარებით აივ/შიდსის შემთხვევათა მაჩვენებელი გაზრდილია და 7000-ს გადააჭარბა!

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, 2018 წლის 1 იანვრიდან 20 მაისამდე აივ/შიდსის 270 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც 30 შემთხვევით მეტია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. დღეის მდგომარეობით ქვეყანაში რეგისტრირებულია 7032 აივ/შიდსის მქონე ადამიანი. რეგისტრირებული შემთხვევები არ ასახავს ქვეყანაში აივ/შიდსის გავრცელების რეალურ სურათს. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და ადგილობრივ ექსპერტთა ვარაუდით, დღეს საქართველოში რეალურად 11000-მდე აივ/შიდსით დაავადებულია.

ბოლო წლებში შეიცვალა აივ გავრცელების დინამიკა სხვადასხვა რისკ-ჯგუფებში. თუ ადრე ინფექციის გავრცელება ჭარბობდა ინტრავენურ ნარკომანებში, ახლა მათში ინფექციის მატების ტემპი შემცირდა და მოიმატა ჰეტერო, და ჰომო - სექსუალური კონტაქტების მქონე პირებში. დღეისათვის, აივ ინფიცირებულების 56% ინფიცირებულია დაუცველი სქესობრივი კონტაქტით (45% ჰეტერო- და 11% - ჰომოსექსუალური კონტაქტით), 41% ნარკოტიკების ინექციური მოხმარებით და დანარჩენი 2.3%-ის ინფიცირება მოხდა დედიდან შვილზე გადაცემის, ან ჰემოტრანსფუზიის გზით. 0.7% შემთხვევაში გადაცემის გზა დაუდგენელია.

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში, რასაც მოსდევს დასავლეთ საქართველოს რეგიონები - იმერეთი, სამეგრელო, აჭარა, აფხაზეთი. აღმოსავლეთ საქართველოში კი ინფიცირებულების ყველაზე დიდი რაოდენობა აღირიცხა კახეთის რეგიონში, შემდეგ ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში.

პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, მედიკოსებმა და ჟურნალისტებმა შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღის აღნიშვნის ფარგლებში ცაში გაუშვეს წითელი ბუშტები, რომლებზეც სიმბოლურად აღნიშნული იყო გარდაცვლილი აივ ინფიცირებული პაციენტების სახელები.

შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე 1983 წლიდან, მაისის მესამე კვირას, უკვე 35 წელია აღინიშნება და წელს მისი დევიზია „გავიაზროთ ჩვენი წარსული და მოვემზადოთ მომავლისთვის“. ეს დღე თემის მობილიზების კამპანიას წარმოდგენს, რომელიც მიმართულია აივ/შიდსთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და მიმღებლობის გაზრდაზე.

შიდსის ცენტრი გამორჩეულია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მსგავსი ტიპის სამსახურებს შორის. ცენტრი ქვეყანაში დღემდე ერთადერთი დაწესებულებაა, რომელიც ემსახურება აივ/შიდსით, მძიმე და განსაკუთრებით საშიში ინფექციებით ავადმყოფებს და გარდა ამისა, ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ძირითადი ინიციატორი და ძირითადი პროვაიდერია.

აღსანიშნავია, აივ/შიდსის მკურნალობისა და მოვლის სფეროში მიღწეული წარმატებები. 2004 წლიდან საქართველომ პირველმა და ჯერჯერობით ერთადერთმა აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში უზრუნველყო და შეინარჩუნა ანტირეტროვირუსული (არვ) მკურნალობაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობა. ეს მნიშვნელოვანი მიღწევა დადებითად აისახა საქართველოში აივ/შიდსის ეპიდემიის დინამიკაზე: მკვეთრად გაიზარდა აივ/შიდსით ავადმყოფების გადარჩენის მაჩვენებელი, სიცოცხლის ხანგრძლივობა და ცხოვრების ხარისხი.

2005 წლიდან საქართველომ უზრუნველყო დედიდან ბავშვზე აივ გადაცემის პროფილაქტიკის ღონისძიებებზე უნივერსალური ხელმისაწვდომობა. შედეგად, ქვეყანამ პრაქტიკულად უზრუნველყო დედიდან ბავშვზე აივ/შიდსის გადაცემის ელიმინაცია.

2015 წლიდან საქართველომ პირველმა აღმოსავლეთ ევროპაში და ერთ-ერთმა პირველმა მსოფლიოში დანერგა “მკურნალობა ყველასათვის” პრინციპი და სადღეისოდ მკურნალობა უტარდება ყველა აივ/შიდსით ავადმყოფს იმუნური სტატუსის და დაავადების სტადიის მიუხედავად.

 

 

 

 

 

Copyright © AIDS Center
2018