title

           

შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე

ხსოვნიდან მოქმედებისკენ!

შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღე პირველად სან-ფრანცისკოში აღინიშნა 1983 წელს ენთუზიასტთა ჯგუფის მიერ. მოგვიანებით ამ დღის აღნიშვნა საერთაშორისო ტრადიციად იქცა და ყოველი წლის მაისის მესამე კვირას ათასობით ადამიანი ხელში ანთებული სანთლებით გამოდის ქუჩებში, რათა სოლიდარობა გამოუცხადოს აივ დადებით ადამიანებს და მათ ახლობლებს.

საქართველოში ხსოვნის მსოფლიო დღე 1996 წლიდან აღინიშნება. ხსოვნის დღის აღნიშვნით საზოგადოება:

  • პატივს მიაგებს მათ, ვინც ამ ინფექციით გარდაიცვალა;
  • გამოხატავს მხარდაჭერას მათ მიმართ, ვინც აივ პოზიტიურია;
  • ცდილობს შეამციროს სტიგმა და დისკრიმინაცია და დაიცვას აივ ინფიცირებულთა უფლებები;
  • ემსახურება ამ დაავადების შესახებ მოსახლეობის ცოდნის დონის ამაღლებას;
  • მოუწოდებს მსოფლიო საზოგადოებას აივ/შიდსის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლისაკენ;
  • დღეისათვის მსოფლიოში 38 მლნ ადამიანი ცხოვრობს აივ/შიდსთან ერთად;
  • მხოლოდ გასულ წელს გარდაიცვალა – 690 000;
  • საქართველოში აივ/შიდსით ინფიცირებამ 01.05.2021 მონაცემებით შეადგინა 8815 შემთხვევა, გარდაიცვალა – 1817, არვ მკურნალობაზეა – 5464.

აივ/შიდსი ქრონიკული დაავადებაა, რომლიც გამოწვეულია ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივ). აივ ასუსტებს ადამიანის იმუნურ სისტემას, რომელიც იცავს ორგანიზმს სხვადასხვა ინფექციებისა და დაავადებებისაგან. შიდსი – შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი – კლინიკური სიმპტომების კომპლექსია, რომელიც უვითარდება აივ ინფიცირებულ ადამიანს დაქვეითებული იმუნური სისტემის ფონზე.

აივ ინფიცირების მომენტიდან შეიძლება საშუალოდ 5-7 წელი გავიდეს, სანამ შიდსის კლინიკური ნიშნები განვითარდება. ამ დროის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ორგანიზმის თავისებურებებზე, ადამიანის ცხოვრების წესზე – უარყოფითად მოქმედებს ნარკოტიკები, თამბაქო, ცუდი კვება და სტრესული მდგომარეობები. დროულად დასმული დიაგნოზის და მკურნალობის შემთხვევაში დაავადება მართვადია, უმჯობესდება სიცოცხლის ხარისხი და ხანგრძლივდება სიცოცხლე.

მართალია, აივ ინფექციისგან განკურნება დღეისათვის არ ხდება, მაგრამ არვ თერაპიის ფონზე, აივ დადებითი ადამიანები პრაქტიკულად ჯანმრთელები არიან და ამასთან, ისინი ინფექციის წყაროსაც აღარ წარმოადგენენ.

სტიგმა და დისკრიმინაცია ყველაზე დიდი ბარიერია აივ ინფექციის პროფილაქტიკის, აივ ინფიცირებულთა შესაფერისი სამედიცინო დახმარების და მკურნალობის უზრუნველყოფის მხრივ. აივ დადებითი ადამიანები გაურბიან თავიანთი სტატუსის გამჟღავნებას, არა მხოლოდ სამედიცინო პერსონალთან, არამედ ოჯახის წევრებთა-ნაც კი. ისინი ხშირად განიცდიან დისკრიმინაციას სამსახურშიც. საზოგადოებაში კვლავ დაბალია ცოდნა აივ/შიდსის შესახებ, ჯერ კიდევ გავრცელებულია არასწორი შეხედულებები ამ დაავადების მიმართ. ამიტომ აუცილებელია, მეტი ყურადღება გამახვილდეს ამ პრობლემაზე, უფრო მეტი ინფორმაცია მიეწოდოს მოსახლეობას აივ/შიდსის შესახებ. საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ:

  • შიდსი არ არის ყველა სხვა ინფექციაზე საშიში,
  • არ უნდა ჰქონდეთ აივ დადებითი ადამიანების მიმართ ურთიერთობის პრობლემები და, რომ
  • აივ/შიდსი თანაბრად შეიძლება ყველას დაემართოს.

    აივ ინფიცირებული ადამიანები საზოგადოებისათვის საყოფაცხოვრებო და სოციალური კონტაქტებით არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენენ. აივ ორგანიზმში შეიჭრება მხოლოდ 3 გზით:

    1. აივ ინფიცირებულთან დაუცველი სქესობრივი კონტაქტით
    2. აივ ინფიცირებული სისხლის და სისხლის პროდუქტების გადასხმით, არასტერილური სამედიცინო ინსტრუმენტების, ზიარი საინექციო ატრიბუტიკის გამოყენებით ინექციური ნარკოტიკის მოხმარების ან სხვა მანიპულაციების შემთხვევაში
    3. აივ ინფიცირებული დედისგან ბავშვზე.

    SARS-Cov2 ვირუსის მიერ გამოწვეული დაავადება Covid-19, წარმოადგენს მძიმე, მწვავე რესპირატორულ სინდრომს, რომელიც 2019 წლის ბოლოდან მოყოლებული მსოფლიოში გლობალურად გავრცელდა და პანდემია გამოიწვია. ყოველდღიურად მატულობს როგორც ინფიცირებულთა, ასევე გარდაცვილთა რიცხვიც, თუმცა აღსანიშნავია გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობის საგრძნობი მატებაც.

    Covid-19 დიდი ზიანი მიაყენა როგორც მსოფლიო ეკონომიკას, ასევე მოსახლეობის სოციალურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას.

    სიფრთხილის ზომები COVID-19 ინფექციის პრევენციისათვის, რომლებიც უნდა დაიცვას როგორც ზოგადმა მოსახლეობამ, ასევე აივ დადებითმა პირებმა:

    • სწორად ატარეთ და სწორად მოიხსენით სამედიცინო ნიღაბი. გაითვალისწინეთ – ნიღაბს ვერ შეცვლის შარფი ან ბენდენა!
    • დახველების ან დაცემინების დროს ერთჯერადი ხელსახოცი ან მოხრილი იდაყვი აიფარეთ ცხვირსა და პირზე;
    • ხელები ხშირად დაიბანეთ საპნითა და წყლით ან გაიწმინდეთ სპირტის შემცველი სადეზინფექციო ხსნარით;
    • მოერიდეთ ხალხმრავლობას და 1 მეტრზე ახლო კონტაქტს სხვა ადამიანებთან, განსაკუთრებით თუ მათ აღენიშნებათ სიცხე ან ხველება;
    • თუ ავად ხართ, დარჩით სახლში, ატარეთ სამედიცინო ნიღაბი და მოერიდეთ სხვებთან ახლო კონტაქტს;
    • თუ სიცხე გაქვთ, გახველებთ ან სუნთქვა გიჭირთ, სამედიცინო მომსახურეობის მისაღებად ან უნდა დაუ-კავშირდეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან დარეკეთ 112-ზე.

    ვაქცინაცია COVID-19-ის პრევენციის ყველაზე საიმედო ინსტრუმენტია. მოსახლეობის მოცვა ვაქცინაციით იცავს მთელ საზოგადოებას, მათ შორის იმ პირებს ვისაც არ შეუძლიათ ვაქცინაციის ჩატარება.

    დღეისათვის არსებული კლინიკური კვლევების მონაცემებით, COVID-19 ვაქცინები უსაფრთხოა და ეფექტური, თუმცა ნებისმიერი ტიპის ვაქცინას შესაძლოა ჰქონდეს გვერდითი ეფექტები. ვაქცინაციით გამოწვეული გვერდითი ეფექტების რისკი უფრო ნაკლებია, ვიდრე კორონავირუსით მძიმედ დაავადების საფრთხე.

    COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და უფასო. აიცერი და დაიცავი!

    ფსიქოლოგიური დახმარებისა და თანადგომისთვის შეგიძლიათ მოგვმართოთ „შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდს“:

  • თბილისი: (0 32) 222 00 06
  • ბათუმი: (0 422) 22 19 96
  • ზუგდიდი: (0 415) 25 09 25
  • ქუთაისი: (0 431) 29 25 38
  • აივ ტესტი შეგიძლიათ ჩაიტაროთ ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრში

  • მისამართი: თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი #16, კორპუსი #8
  • (0 32) 239 80 18 (შიდსის ცხელი ხაზი)
  •  

     

     

     

    Copyright © AIDS Center
    2021