AIDS Center

title

           


15 მაისი – შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე

      „ჩვენ გვახსოვს,

      ჩვენ ვმოქმედებთ,

      ჩვენ ვცხოვრობთ აივ-თან ერთად“...

შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღე პირველად სან-ფრანცისკოში აღინიშნა 1983 წელს ენთუზიასტთა ჯგუფის მიერ. მოგვიანებით ამ დღის აღნიშვნა საერთაშორისო ტრადიციად იქცა და ყოველი წლის მაისის მესამე კვირას ათასობით ადამიანი ხელში ანთებული სანთლებით გამოდის ქუჩებში, რათა სოლიდარობა გამოუცხადოს აივ ინფექციით მცხოვრებ ადამიანებს და მათ ახლობლებს.

კვირას, 15 მაისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოეწყობა “მსვლელობა შიდსის წინააღმდეგ”. საქართველო მათ რიცხვს ჯერ კიდევ 1996 წელს შეუერთდა.

„ჩვენ გვახსოვს, ჩვენ ვმოქმედებთ, ჩვენ ვცხოვრობთ აივ-თან ერთად“ 2022 წელს მსოფლიოში ამ დევიზით აღინიშნება შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე, რომელიც მოგვიწოდებს, არ შემოვიფარგლოთ მხოლოდ დაღუპულთა მოგონებებით, არამედ მნვნელოვანია საზოგადოების ყველა ფენა აქტიურად ჩაებას მოქმედებაში აივ/შიდსის პროფილაქტიკის, მკურნალობის და შიდსთან ასოცირებული სხვა პრობლემების გადასაწყვეტად.

დღეს აივ-თან ერთად თითქმის 38 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, შიდსით გარდაცვლილთა საერთაშორისო დღე

  • წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას გლობალური სოლიდარობისთვის,
  • არღვევს სტიგმისა და დისკრიმინაციის ბარიერებს და
  • აძლევს ჯანმრთელი მომავლის იმედს ახალ თაობებს.

შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე, რომელიც საქართველოში უკვე 26 წელია აღინიშნება თითოეულ ჩვენთაგანს საშუალებას გვაძლევს რომ:

  • პატივი მივაგოთ ამ ინფექციით გარდაცვლილთა ხსოვნას;
  • გამოვხატოთ მხარდაჭერა იმ ადამიანების მიმართ, ვინც აივ პოზიტიურია;
  • ხელი შევუწყოთ საზოგადოების ცოდნის დონის ამაღლებას და მათ მობილიზებას დაავადების და არა დაავადებულების წინააღმდეგ ბრძოლაში;
  • შევამციროთ აივ ასოცირებული სტიგმა და დისკრიმინაცია.

აივ ინფექციასთან ბრძოლის საქმეში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სამკურნალო ანტირეტროვირუსულ მკურნალობის თანამედროვე პრინციპების დანერგვას.

არვ მკურნალობამ მნიშვნელოვნად შეცვალა მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც აივ/შიდსის მიმდინარეობა. კერძოდ, საგრძნობლად შემცირდა აივ/შიდსთან დაკავში-რებული ავადობა და სიკვდილობა. სადღეისოდ, დაავადების დროული გამოვლენისა და სწორი მკურნალობის შემთხვევაში აივ/შიდსით ავადმყოფის სიცოცხლის სავარაუდო ხანგრძლივობა ზოგადი მოსახლეობის ანალოგიურ მაჩვენებლებს უახლოვდება.

საქართველოში, უკანასკნელ წლებში, აღინიშნება აივ/შიდსით ავადმყოფების სიკვდილობის შემცირება, რაც მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული არვ თერაპიით მათი მოცვის გაუმჯობესებასთან, მკურნალობის და მოვლის პროგრამების ეფექტურ მუშაობასთან. შიდსით გამოწვეული სიკვდილობა ჩვენს ქვეყანაში ძირითადად განპირობებულია აივ გვიანი დიაგნოსტიკით.

ერთად დავასრულოთ შიდსის ეპიდემია საქართველოში!

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშრდით

239 80 18

აივ ინფექცია/შიდსის გავრცელება საქართველოში

Copyright © AIDS Center
2022