AIDS Center

title

           


21 მაისი – შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე

წლის დევიზი: “გვახსოვდეს და ვიმოქმედოთ!”

კვირას, 21 მაისს მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაში მოეწყობა “მსვლელობა შიდსის წინააღმდეგ”. საქართველო მათ რიცხვს ჯერ კიდევ 1996 წელს შეუერთდა. აივ პანდემიის დაწყებიდან დღემდე აივ ინფექციით სულ 84,2 მლნ ადამიანი დაავადდა და 40,1 მლნ-ზე მეტი გარდაიცვალა.

შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღე პირველად სან-ფრანცისკოში აღინიშნა 1983 წელს ენთუზიასტთა ჯგუფის მიერ. მოგვიანებით ამ დღის აღნიშვნა საერთაშორისო ტრადიციად იქცა და ყოველი წლის მაისის მესამე კვირას ათასობით ადამიანი ხელში ანთებული სანთლებით გამოდის ქუჩებში, რათა სოლიდარობა გამოუცხადოს შიდსით დაავადებულებს და მათ ახლობლებს.

ამ დღის აღნიშვნით მსოფლიო

  • პატივს მიაგებს მათ, ვინც ამ ინფექციით გარდაიცვალა
  • გამოხატავს მხარდაჭერას აივ ინფიცირებულების მიმართ
  • ცდილობს შეამციროს სტიგმა – დისკრიმინაცია და დაიცვას აივ/შიდსით პირების უფლებები
  • ემსახურება მოსახლეობის ცოდნის დონის ამაღლებას
  • მოუწოდებს მსოფლიო საზოგადოებას აივ/შიდსის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლისაკენ.

დევიზი “გვახსოვდეს და ვიმოქმედოთ!” მოგვიწოდებს, რომ შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღეს არ შემოვიფარგლოთ მხოლოდ გარდაცვლილთა მოგონებით, არამედ აქტიურად ჩავებათ მოქმედებაში ამ დაავადების პროფილაქტიკის, მკურნალობის და შიდსთან ასოცირებული სხვა პრობლემების გადასაწყვეტად. ყოველთვის არის ამ ინფექციის თავიდან აცილების შესაძლებლობა, ოღონდ საჭიროა ამ პრობლემის მიმართ უფრო სერიოზული ყურადღება როგორც სახელმწიფოს, ისე თითოეული ჩვენგანის მხრიდან.

რაც შეეხება საქართველოს, 2023 წლის 21 მაისის მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 9998 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის 7464 – მამაკაცი და 2534 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4885 პაციენტს განუვითარდა, 2122 გარდაიცვალა. არვ მკურნალობას იტარებს 6149 (მ.შ 665 - აფხაზეთში) პაციენტი.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 32.8% (3275) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 52.2% (5222) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 12.8% (1281) - მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.2% (121) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.4% (42) - სისხლის რეციპიენტია; 0.6% (57) - გადაცემის გზა დაუდგენელია;

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3771 შემთხვევა, მათგან 100 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 1285; შემდეგ იმერეთში 1212; აჭარაში 1165; აფხაზეთში (554); კახეთში (494); ქვემო ქართლში (599); შიდა ქართლში (392); გურიაში (217); სამცხე-ჯავახეთში (141) და ა.შ.

2023 წლის 21 მაისის მონაცემებით დაფიქსირებულია – 219 ახალი შემთხვევა.

სულ საქართველოში გამოვლენილია 129 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 76 - ვაჟი, 53 - გოგონა. 32 გარდაიცვალა. 3 გავიდა ქვეყნიდან;

აივ/შიდსზე გამოკვლევა შეგიძლიათ ჩაიტაროთ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრში.

აივ ტესტირება უფასო და კონფიდენციალურია.

მისამართი: თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი 16, ტელ.: 2 39 80 18

 

 

 

 

 

Copyright © AIDS Center
2023