title

           

აივ ინფექცია/შიდსის გავრცელება მსოფლიოში

მსოფლიოში აივ ინფექცია/შიდსის ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე დაინფიცირდა თითქმის 78 მლნ ადამიანი და 35 მილიონი [29.6 მლნ - 40.8 მლნ] გარდაიცვალა შიდსით გამოწვეული დაავადებების გამო. 2016 წლისთვის აივ ინფიცირებულ და შიდსით დაავადებულ ადამიანთა რიცხვმა 36.7 მილიონს მიაღწია. ყველაზე უფრო "დაზარალებული" რეგიონი სუბსაჰარული აფრიკის ქვეყნებია, სადაც ცხოვრობს აივ ინფიცირებულ ადამიანთა 68%.

2016 წლისთვის გლობალურად:

  • სულ: 36.7 მილიონი [34.0 მილიონი - 39.8 მილიონი] ადამიანი ცხოვრობს აივ/შიდსისთ
  • ახალი შემთხვევები: 2.1 მილიონი [1.8 მილიონი - 2.4 მილიონი]
  • გარდაიცვალა: 1.1 მილიონი [940 000 - 1.3 მილიონი]
  • 18.2 მილიონი [16.1 მილიონი - 19.0 მილიონი]

მსოფლიოში აივ ინფექციის ახალი შემთხვევების რიცხვი მცირდება. 2016 წლისთვის აივ ინფექციის ახალი შემთხვევების მაჩვენებელმა 2,1 მლნ შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ხუთი წლის მანძილზე მსოფლიოს უმრავლეს ქვეყნებში აივ ინფიცირების მაჩვენებლები სტაბილური რჩება, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში კვლავ შეინიშნება აივ-ის გადაცემის ზრდის მაღალი ტემპი ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებსა და მათ სქესობრივ პარტნიორებს შორის. აივ-ის გავრცელების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია რეგიონის ორ ქვეყანაში, რუსეთის ფედერაციასა და უკრაინაში, რომლებზედაც მოდის აივ ახალი შემთხვევების 90%-ზე მეტი.

ბავშვთა შორის ახალი აივ შემთხვევების მაჩვენებელი შემცირდა 50%-ით 2010 წელთან შედარებით. 2015 წელს მსოფლიოში დაინფიცირდა 150 000 [110 000 – 190 000] ბავშვი, ხოლო 2010 წელს 290 000 [250 000 – 350 000]. დედიდან ბავშვზე ვირუსის გადაცემის პრევენციული და პედიატრიული მომსახურეობის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებამ შეამცირა აივ ინფიცირებული ახალშობილების რაოდენობა. დედიდან ბავშვზე აივ-ის გადაცემის პრევენციისთვის 2015 წელს პროფილაქტიკური ანტირეტროვირუსული თერაპია ხელმისაწვდომი გახდა აივ ინფიცირებული ორსული ქალების 77% [69 -86%]-ისთვის.

2015 წელს მსოფლიოში რეგიონების მიხედვით აივ/შიდსის გავრცელება

world map

  • აზია და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებში 5.1 მილიონი ადამიანი [4.4 მლნ – 5.9მლნ] ცხოვრობს აივ/შიდსით
  • აღმოსავლეთ და სამხრეთ აფრიკა 19 მილიონი ადამიანი [17.7 მლნ – 20.5მლნ] ცხოვრობს აივ/შიდსით
  • აღმოსავლეთ ევროპა და ცენტრალური აზია 1.5 მილიონი ადამიანი [1.4 მლნ – 1.7 მლნ] ცხოვრობს აივ/შიდსით
  • ლათინური ამერიკა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნები 2 მილიონი ადამიანი [1.7 მლნ – 2.3 მლნ] ცხოვრობს აივ/შიდსით
  • ცენტრალური აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა 230 000 ადამიანი [160 000 – 330 000] ცხოვრობს აივ/შიდსით
  • დასავლეთი და ცენტრალური აფრიკა 6.5 მილიონი ადამიანი [3.3 მლნ – 7.8 მლნ] ცხოვრობს აივ/შიდსით
  • დასავლეთ და ცენტრალური ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა 2.4 მილიონი ადამიანი [2.2 მლნ – 2.7 მლნ] ცხოვრობს აივ/შიდსით

ყოველწლიურად სტაბილურად მცირდება შიდსთან დაკავშირებული სიკვდილობა. ამ მაჩვენებლის პიკი აღინიშნა 2005 წელს, როდესაც გარდაიცვალა 2 მლნ ადამიანი. 2015 წელს იგი 45 %-ით შემცირდა 1.1 მლნ-მდე. ეს განაპირობა ანტირეტროვირუსული თერაპიის, მოვლისა და მხარდაჭერის პროგრამების გაფართოებამ, განსაკუთრებით დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში. ანტირეტროვირუსული თერაპიის ხელმისაწვდომობის გაზრდასთან ერთად ჩრდილოეთ ამერიკაში, დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში, შიდსით გამოწვეული სიკვდილობის მაჩვენებელმა დაიწყო შემცირება. აზიაში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში სიკვდილობის რიცხვი სტაბილურია, ხოლო აღმოსავლეთ ევროპაში გარდაცვლილთა რაოდენობა კვლავ იზრდება.

მსოფლიოში 80-იანი წლების ბოლოს ახალი ძალით შემობრუნდა ტუბერკულოზის ეპიდემია, როგორც მსოფლიო ჯანდაცვის სისტემის უდიდესი პრობლემა. მსოფლიოში ტუბერკულოზის მეორად ეპიდემიას უკავშირებენ აივ ინფექცია/შიდსის ეპიდემიას. ტუბერკულოზის შემთხვევების მატება ყველაზე მაღალი იყო და არის აივ ინფექციის მაღალი პრევალენტობის გეოგრაფიულ არეალში. 2004 წლიდან აივ ინფიცირებულ პაციენტებში ტუბნერკულოზთან დაკავშირებული სიკვდილობა შემცირდა 32%-ით. თუმცაღა ტუბერკულოზი დღეისათვის რჩება აივ ინფიცირებულ ადამიანებში სიკვდილობის წამყვან მიზეზად. მსოფლიო ჯანდაცვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება აივ ინფექციისა და B და C ჰეპატიტების კოინფექციებიც.

 

 

 

 

Copyright © AIDS Center
2013