title

           

აივ ინფექცია/შიდსის შესახებ ნებაყოფლობითი კონფიდენციალური კონსულტირება და ტესტირება

აივ ინფექციაზე გამოკვლევა ადამიანის ცხოვრებაში შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყოს და ამიტომ მას ყოველთვის უნდა ახლდეს კონსულტაცია როგორც გამოკვლევამდე, ასევე გამოკვლევის შემდეგ.

გამოკვლევამდე კონსულტირების მიზანია, პიროვნებას მიეწოდოს ინფორმაცია კვლევის ტექნიკურ ასპექტებზე და შესაძლო პიროვნულ, სამედიცინო, სოციალურ, ფსიქოლოგიურ და საკანონმდებლო ფაქტორებზე, რომლებიც ასოცირებულია აივ ინფექციასთან. ეს ინფორმაცია გადმოცემული უნდა იყოს პაციენტისთვის ადვილად გასაგებ ენაზე. აივ ინფექციაზე გამოკვლევა უნდა ტარდებოდეს ისე, რომ მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი მის შესახებ ინფორმაციის გახმაურების შანსი. მაქსიმალურად უნდა ვცეთ პატივი პიროვნების უფლებებს და კონსულტირების დროს ამ უფლებებზე აქტიურად უნდა ვისაუბროთ. კონფიდენციალურობა ყოველთვის ზედმიწევნით უნდა იქნეს დაცული.

აივ ინფექცია/შიდსზე ნებაყოფლობითი კონსულტირებისა და ტესტირების ხელმისაწვდომობა აივ ინფექციის გავრცელების ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორია. აივ ინფექცია/შიდსზე კონსულტირება და ტესტირება მისაწვდომი უნდა იყოს ყველა ადამიანისათვის, და განსაკუთრებით, ორსულისათვის, რომ ჰქონდეთ შესაძლებლობა, გააკეთონ არჩევანი ფეხმძიმობასთან და ოჯახის დაგეგმარებასთან დაკავშირებით. ორსულმა ქალებმა სასურველია ჩაიტარონ გამოკვლევა შიდსზე და დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში ორსულობის გაგრძელების ან ხელოვნური შეწყვეტის საკითხი გადაწყვიტონ სპეციალისტთან კონსულტაციის შემდეგ.

ქალებს, რომლებმაც გადაწყვიტეს, შეინარჩუნონ ფეხმძიმობა, კონსულტანტს შეუძლია გააცნოს, თუ როგორ უნდა გამოიყენონ სამკურნალოდ სხვადასხვა საშუალებები, რათა შემცირდეს აივ-ის გადაცემის რისკი ჯერ კიდევ მუცლადყოფნის დროს. შესაძლებელია, აგრეთვე ბავშვის კვებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა. შეძლებიდაგვარად, ქალის ნებართვით, კონსულტაციაში ორივე პარტნიორმა უნდა მიიღოს მონაწილეობა, სადაც ერთად განიხილავენ და მიიღებენ გადაწყვეტილებას ახლანდელი და მომავალი ბავშვების შესახებ.

კონსულტირება არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ დედიდან ბავშვზე გადაცემის პროფილაქტიკის საშუალებების გაცნობით, არამედ გამოიყენებული უნდა იყოს ყოველმხრივი მიდგომა იმისათვის, რომ დაკმაყოფილდეს სეროპოზიტიური ქალების ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული მოთხოვნილებები.

კონსულტანტს უნდა ჰქონდეს გავლილი სპეციალური მომზადება აივ ინფექცია/შიდსის კონსულტირების საკითხებზე. კონსულტაცია უნდა ჩატარდეს სპეციალურად მოწყობილ საკონსულტაციო კაბინეტში, ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით, 10-დან არა უგვიანეს 3 საათისა. კონსულტაციის ხანგრძლივობა საშუალოდ 20-40 წუთია. კონსულტაციისათვის განკუთვნილი დრო კონსულტანტმა უნდა დაუთმოს მხოლოდ საკონსულტაციოდ მოსულ პიროვნებას. კონსულტაციის დროს სატელეფონო ზარის პასუხი, საკონსულტაციო ოთახიდან გასვლა, ოთახში სხვა პიროვნების დასწრება უარყოფითად მოქმედებს კონსულტაციის მიმდინარეობაზე.

კონსულტირების პროცესში სასურველია გაირკვეს შემდეგი საკითხები:
  • რა იცის პაციენტმა აივ-ზე ტესტირების შესახებ;
  • უფიქრია თუ არა იმის შესახებ, თუ როგორი იქნებოდა მისი რეაქცია გამოკვლევის უარყოფითი ან დადებითი შედეგის შემთხვევაში;
  • როგორია პაციენტის ცოდნა აივ ინფექციისა და მისი გადაცემის გზების შესახებ;
  • ვინ ახდენს პაციენტის ემოციურ და სოციალურ მხარდაჭერას (ოჯახი, მეგობრები და ა.შ.);
  • ადრე ჩაუტარებია თუ არა აივ ინფექციაზე გამოკვლევა; თუ ჩაუტარებია, როდის და სად? როგორი იყო ტესტის შედეგი?

როცა პაციენტს ვუსვამთ ამ შეკითხვებს, უნდა გვახსოვდეს, რომ:

  • პაციენტი შეიძლება იმდენად ნერვიულობდეს, რომ სრულად და სწორად ვერ აღიქვამდეს კონსულტაციის ჩამტარებლის ნათქვამს;
  • პაციენტს შესაძლოა ჰქონდეს გამოკვლევის შედეგის არარეალისტური მოლოდინი;
  • პაციენტმა შეიძლება ვერ გააცნობიეროს, თუ რატომ ვეკითხებით მისი პირადი ცხოვრების შესახებ, ეს უბრალოდ ცნობისმოყვარეობად ჩაგვითვალოს და ამიტომ უხალისოდ ან საერთოდ არ გასცეს პასუხები შეკითხვებზე.

კონსულტირების დროს მნიშვნელოვანია პაციენტს ავუხსნათ, რომ გამოკვლევის შედეგები აბსოლუტურად უტყუარი არ არის. შესაძლოა არსებობდეს როგორც ცრუ დადებითი, ასევე ცრუ უარყოფითი შედეგი. თუმცა არსებობს დამადასტურებელი მეთოდი, რომელიც პირველადი გამოკვლევით მიღებულ დადებით შედეგს დაადასტურებს ან გამორიცხავს და ეს მეთოდი აბსოლუტურად სანდოა. ასევე, განხილულ უნდა იქნას საკითხი ე.წ. “ფანჯრის პერიოდის” შესახებ, როდესაც პიროვნება ინფიცირებულია, მაგრამ ანტისხეულების გამომუშავება მისმა ორგანიზმმა ჯერ ვერ მოასწრო, რის გამოც გამოკვლევის შედეგები უარყოფითია. ეს შეიძლება გრძელდებოდეს ინფიცირებიდან 6-8 კვირის მანძილზე.

პიროვნების რისკის ქცევის შეფასების მიხედვით აუხსენით, რამდენად არის დადებითი პასუხის მიღების ალბათობა. მიაწოდეთ ინფორმაცია გამოკვლევის სარგებლიანობის (ადრეული დიაგნოსტიკის უპირატესობა, მკურნალობის ხელმისაწვდომობა, დისპანსერული მეთვალყურეობა) შესახებ. დარწმუნდით, რომ პიროვნება მზად არის, ჩაიტაროს გამოკვლევა.

საკონსულტაციოდ მოსულ პიროვნებას განუმარტეთ, თუ რა მნიშვნელობა აქვს გამოკვლევის პასუხის შეტყობას. მიაწოდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გამოკვლევის შედეგის პასუხის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ტესტირების შემდგომ კონსულტაციაზე. აუხსენით, რომ პასუხს (როგორც დადებითს, ასევე უარყოფითს) ვერ გასცემთ ტელეფონით ან სხვა საკომუნუკაციო საშუალებით, ვერ გაუმხელთ მის მიერ გამოგზავნილ სხვა პიროვნებას.

თუ გამოსაკვლევი პიროვნება თანახმაა ჩაიტაროს გამოკვლევა აივ ინფექციაზე, გააცანით თანხმობის ფორმა, შესთავაზეთ საინფორმაციო მასალები (ბუკლეტი, ბროშურა, სამახსოვრო, გაზეთი “ფრთხილად შიდსი”), დაუტოვეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია, შეუთანხმდით ტესტის შემდგომი კონსულტაციის დროზე და ააღებინეთ სისხლი გამოსაკვლევად.

Copyright © AIDS Center
2013