title

           

გლობალური ფონდის პროგრამა

Global Fund2001 წლის 25-27 ივნისს შედგა გაეროს გენერალური ასამბლეის სპეციალური სესია აივ ინფექცია/შიდსის საკითხებზე. სესიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აივ ინფექცია/შიდსის ეპიდემია უდიდეს საფრთხეს უქმნის კაცობრიობას და მოუწოდა მსოფლიოს ყველა ქვეყნის მთავრობებს, გააძლიერონ პასუხისმგებლობა შიდსთან ბრძოლის საქმეში.

სესიის გადაწყვეტილებით შეიქმნა აივ ინფექცია/შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდი, რომლის მიზანია მოიზიდოს და მიზნობრივად გასცეს სახსრები მსოფლიო მასშტაბით აივ ინფექცია/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის ეპიდემიებზე კონტროლის, დაავადებულთა მკურნალობის და სიკვდილობის შემცირების მიზნით. ფონდის დაფინანსება ხდება განვითარებული ქვეყნების მთავრობების და კერძო პირთა შემოწირულობების ხარჯზე. ხუთი წლის მანძილზე ფონდი სავარაუდოდ მიიღებს და განკარგავს 10 მილიარდამდე აშშ დოლარს. სადღეისოდ უკვე მობილიზებულია დაახლოებით 4 მილიარდი აშშAდოლარი.

სადღეისოდ ფონდის მიერ დაფინანსდა სულ 60-მდე ქვეყნის განაცხადი, მათ შორის საქართველოსიც. აღნიშნული გადაწყვეტილება ფონდის საბჭომ მიიღო ა.წ. 31 იანვარს.


პროექტის სახელწოდება:

“აივ ინფექცია/შიდსზე ეროვნული საპასუხო ზომების გაძლიერების მხარდაჭერა ეფექტიანი პროფილაქტიკური და საკონტროლო ღონისძიებების განხორციელებისთვის 2003-2007 წლებში”.


ფონდის დებულებით დახმარება გაეწევა მხოლოდ იმ ქვეყნებს რომელთა მთავრობები იღებენ პასუხისმგებლობას შიდსთან ბრძოლაზე, გააჩნიათ შიდსთან ბრძოლის და პროფილაქტიკის სახელმწიფო პროგრამები შესაბამისი დაფინანსებით. ანუ, გლობალური ფონდის დახმარება გამიზნულია იმ ღონისძიებების დასაფინანსებლად რასაც ვერ სწვდება სახელმწიფო პროგრამა და არა ამ პროგრამის ჩასანაცვლებლად.

ფონდი დაფინანსებისას პრიორიტეტს ანიჭებს ქვეყნებს სადაც აივ/შიდსის ფართომასშტაბიანი ეპიდემია აღინიშნება. საქართველო არ მიეკუთვნება ამ ქვეყნების რიცხვს. ჩვენთან შიდსის გავრცელების დონე ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მსოფლიოში და შესაბამისად, ამ კრიტერიუმით საქართველოს ეს გრანტი ვერ უნდა მიეღო. მით უმეტეს, რომ ეს გრანტი ვერ მიიღეს ყოფილი საბჭოთა კავშირის ისეთმა ქვეყნებმა (ბელორუსი, რუსეთი, ლიტვა, ლატვია და სხვ. ), სადაც შიდსის გავრცელების დონე საქართველოზე გაცილებით უფრო მაღალია.

ექსპერტების აზრით საქართველოს განაცხადის წარმატება განაპირობა შემდეგმა ფაქტორებმა:

  • პირველ რიგში გლობალური ფონდის მესვეურებმა გამოხატეს უდიდესი მხარდაჭერა საქართველოში ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროებში სწორი პოლიტიკისა და წარმატებული რეფორმებისა მიმართ;
  • წარდგენილი განაცხადის შესრულების მაღალი დონე;
  • მოწონებულ იქნა ქვეყანაში არსებული აივ ინფექცია/შიდსის საწინააღმდეგო სამსახურის და სხვა მომიჯნავე სფეროების ინფრასტრუქტურა და საქმიანობა და დამატებითი დაფინანსების შემთხვევაში ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელების უნარი;
  • უდიდესი როლი ითამაშა საქართველოს მთავრობის ავტორიტეტმა და მისმა პოზიციამ შიდსის პრობლემის მიმართ და სახელმწიფო გარანტიებმა შიდსთან ბრძოლისა და პროფილაქტიკის სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერის სფეროში.

პროექტის ძირითადი მიმართულბები:

  • აივ/შიდსის საკითხებზე საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა;
  • აივ ინფექცია/შიდსის პროფილქტიკა ინტრავენურ ნარკომანებს შორის;
  • აივ ინფექცია/შიდსის და სგგდ პროფილაქტიკა მეძავებს შორის;
  • აივ ინფექცია/შიდსის პროფილქტიკა ახალგაზრდებს შორის;
  • სისხლის უსაფრთხოების უზრუნველყოფა აივ ინფექცია/შიდსის დედიდან შვილზე გადაცემის პროფილქტიკა;
  • შიდსით დაავადებულთა მკურნალობა და მოვლა.

2007 წლისთვის მოსალოდნელი შედეგები:

ზოგადად:

საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის ფართომასშტაბიანი ეპიდემიის თავიდან აცილება (ეპიდემიის მასშტაბების შეზღუდვა), აივ/შიდსით ავადმყოფთა სიცოცხლის გახანგრძლივება და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, აივ/შიდსის ეპიდემიით გამოწვეული მოსალოდნელი უდიდესი ეკონომიკური ზარალის შემცირება და მძიმე სოციალური შედეგების თავიდან აცილება.

კერძოდ:

  • აივ/შიდსის საკითხებზე საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა;
  • ყველა შიდსით დაავადებულის უფასო გამოკვლევა და მკურნალობა
  • სისხლის და მისი პრეპარატების უსაფრთხოების უზრუნველყოფა
  • ნარკომანების, მეძავების და შიდსის მაღალი რისკის სხვა ჯგუფების აივ/შიდსზე უფასო კონსულტაცია და ტესტირება
  • ახალგაზრდების >90% განათლება აივ/შიდსის პროფილაქტიკის თემაზე, აივ/შიდსზე კონსულტაცია და ტესტირება;
  • ორსული ქალების 90%-ზე მეტის განათლება აივ/შიდსის პროფილაქტიკის თემაზე, აივ/შიდსზე კონსულტაცია და ტესტირება

Copyright © AIDS Center
2013