title

           

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტი

პროექტის დასახელება: სგგი/აივ პრევენციის პროექტი (SHIP)

პროექტის განხორციელების პერიოდი: 2002 მაისი – 2007 აპრილი

დონორი ორგანიზაცია: აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)

პარტნიორი ორგანიზაციები:

  • «ჯანდაცვის სფეროში სათანადო ტექნოლოგიების დანერგვის პროგრამა”, აშშ (PATH, USA);
  • სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი «თანადგომა»;
  • საზოგადოებრივი გაერთიანება «ბემონი»;
  • ნარკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი;
  • კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ინსტიტუტი.

პროექტის მიზანი: სგგი/აივ პრევენციის პროექტის მიზანს წარმოადგენს შეამციროს სქესობრივად გადამდები ინფექციებისა (სგგი) და ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ) გავრცელების მასშტაბები საქართველოს ურბანულ ქალაქებში.

პროექტის სტრატეგიული ამოცანაა უზრუნველყოს კარგად დაგეგმილი და თანამიმდევრული საპასუხო ზომების განხორციელება მაღალი რისკის ჯგუფებსა და საერთოდ მოსახლეობაში სგგი/აივ ინფექციების შემდგომი გავრცელების შემცირების მიზნით.

სგგი/აივ პრევენციის პროექტი ასევე მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სამედიცინო დაწესებულებებისა და ადგილობრივი პარტნიორების შესაძლებლობების და პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას ტრენინგებისა და სხვადასხვა ინოვაციების დანერგვის გზით.

სამიზნე ჯგუფები და განხორციელების ადგილები: პროექტის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენს აივ ინფექციაზე მაღალი სარისკო ქცევების პირები: კომერციული სექსის მუშაკი ქალები და მათი კლიენტები, ნარკოტიკული ნივთიერებების ინექციური გზით მომხმარებლები და მათი პარტნიორები, ჰომოსექსუალი მამაკაცები, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფი პირები, მეზღვაურები და სხვ.

2002-2005 წლებში პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები ხორციელდებოდა მხოლოდ ორ ქალაქში – თბილისსა და ბათუმში. პროექტის ფარგლებში ხორციელდებოდა მაღალი რისკის ჯგუფებთან საველე მუშაობა, მათი ნებაყოფილობითი კონსულტირება და ტესტირება; ასევე ხდებოდა ახალგაზრდების მოზიდვა სამიზნე ჯგუფებიდან და მათი ტრენინგი თანასწორ-განმანათლებლად. პროექტი ასევე ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას მოსახლეობისათვის. ორივე ქალაქში პროექტის ფარგლებში ფუნქციონირებს ე.წ. ჯანმრთელობის კაბინეტები”, სადაც მაღალი რისკის ჯგუფებსა და საზოგადოების სოციალურად დაუცველ პირებს სთავაზობენ უფასო და გულისხმიერ სამედიცინო მომსახურებას. კლინიკებში ხორციელდება უფასო ტესტირება შემდეგ ინფექციებზე: აივ, სიფილისი, ქლამიდია, გონორეა, ტრიქომონიაზი და კანდიდოზი. დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდები სრულ შესაბამისობაშია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ევროპული ქვეყნებისათვის დადგენილ სტანდარტებთან.

იმის გათვალისწინებით, რომ ციხეები წარმოადგენენ აივ/შიდსის და სხვა ინფექციების გავრცელების უაღრესად მაღალი რისკის ზონას, პროექტის ფარგლებში ხორციელდება გასვლითი მუშაობა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ პირებთან და ძირითად საზედამხედველო პერსონალთან.

საქართველოში პირველად, პროექტის ფარგლებში შეიქმნა და ფუნქციონირებს სგგი/აივ/შიდსის პროფილაქტიკის სამუშაო ჯგუფი, რომელიც აერთიანებს დაინტერესებული სამინისტროების, გაეროს სააგენტოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, აგრეთვე, ამ დარგში დასაქმებული ადგილობრივი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. აღნიშნული სამუშაო ჯგუფის მიზანია ქსელური მუშაობის კოორდინაცია, აივ პროფილაქტიკის ღონისძიებების განხორციელებისათვის ქვეყნის პოლიტიკაში არსებული ბარიერების განსაზღვრა, და მათ გასაუმჯობესებლად პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავება და ადვოკატირება. სამუშაო ჯგუფის აქტიური და კოორდინირებული საქმიანობის საუკეთესო მაგალითია ქვეყანაში სახალხო კამპანიების ღირსეულად აღნიშვნა შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან და შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.

საქართველოში პირველად, განხორციელდა მეორე თაობის ეპიდზედამხედველობის კვლევები მაღალი რისკის ჯგუფებში ქცევების შესწავლისა და ბიომარკერების განსაზღვრის მიზნით. კვლევები განხორციელდა კლიენტთა სრული ანონიმურობისა და კონფიდენციალობის პრინციპების დაცვით. 2002 წელს ქ. თბილისში ჩატარდა ბაზისური კვლევები კომერციული სექსმუშაკებში და ნარკოტიკების მომხმარებელთა შორის. ხოლო 2004 წელს, დასრულდა განმეორებითი კვლევები თბილისში, და ბაზისური კვლევა ქ. ბათუმში. კვლევების მონაცემები საშუალებას იძლევა განისაზღვროს მაღალი რისკის ჯგუფების ქცევებისა და სგგი/აივ ინფექციების გავრცელების მაჩვენებლების კორელაცია.

სგგი/აივ პრევენციის პროქეტის წარმატებებიდან გამომდინარე, 2005 წლის მაისის თვიდან, პროექტი გაგრძელდა 2007 წლის მაისამდე, რომლის ფარგლებში პროექტით გათვალისწინებული აქტივობები განხორციელდება ქალაქებში – თბილისი, ბათუმი და ქუთაისი; გარდა ამისა პროექტი ფუნციონირებას დაიწყებს აფხაზეთში. პროექტის მეორე ფაზაში შენარჩუნებული იქნება ყველა სტრატეგია და კომპონენტი; ამასთანავე პროექტი აქტიურად ითანამშრომლებს ჯანდაცვის სისტემის სამთავრობო სტრუქტურებთან ქვეყანაში სგგი/აივ/შიდსის ეპიდზედამხედველობის სისტემის სტულყოფისა და მისი გაძლიერების მიზნით.

პროექტის ფარგლებში სისტემატურად ტარდებოდა ტრენინგების სხვადასხვა თემატიკაზე; ასევე მომზადდა, დაიბეჭდა და დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომი გახდა სხვადასხვა სახის მეთოდური სახელმძღვანელოები და დოკუმენტები სგგი/აივ/შიდსის პრევენციის დარგში, როგორიცაა: კონსულტირებისა და ტესტირების სახელმძღვანელო; საინფორმაციო მასალების მომზადების სახელმძღვანელო; ქცევებისა და ბიომარკერების კვლევების რეპორტები; და სხვ.

Copyright © AIDS Center
2013