title

           

შიდსის პროფილაქტიკის სახელმწიფო პროგრამა

AIDSAIDS Center“შიდსის პროფილაქტიკის” კომპონენტის პასუხისმგებელი შემსრულებელია სს “ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი”. შესრულებაში მონაწილეობს 60-მდე შიდსის სადიაგნოსტიკო ლაბორატორია მთელი ქვეყნის მასშტაბით, აგრეთვე - საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეგიონული და რაიონული ცენტრების ექიმი-ეპიდემიოლოგები.

“შიდსის პროფილაქტიკის” კომპონენტის ძირითადი ამოცანებია:

  • საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად აივ ინფიცირებული პირების გამოვლენა მაღალი რისკის ჯგუფების პირთა ნებაყოფლობითი კონსულტირებისა და ტესტირების გზით.;
  • აივ ინფიცირებული ორსულის ახალშობილის აივ სტატუსის დადგენა;
  • აივ ინფიცირებულებზე და მათთან კონტაქტში მყოფ პირებზე ეპიდზედამხედველობა; აივ ინფიცირებულებზე, როგორც ინფექციის წყაროზე კონტროლი, ეპიდემიოლოგიური კერის შესწავლა; მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებში ეპიდსიტუაციის შეფასება;
  • აივ ინფექცია/შიდსის საკითხებზე სამედიცინო პერსონალის მომზადება და მათი ცოდნის დონის ამაღლება;
  • აივ ინფექცია/შიდსის პროფილაქტიკის შესახებ მოსახლეობასთან საგანმანათლებლო მუშაობა, მაღალი რისკის ქცევათა შეცვლისა და “ცხოვრების ჯანსაღი წესის” დამკვიდრების ხელშეწყობა;
  • შიდსის მსოფლიო დღის აღსანიშნავი ღონისძიებების მომზადება;
  • საორგანიზაციო-მეთოდური საქმიანობის განხორციელება: მეთოდური რეკომენდაციების მომზადება, სამედიცინო პერსონალის ტრეინინგები, შიდსის სადიაგნოსტიკო ლაბორატორიებისათვის მეთოდური დახმარების გაწევა და სხვ.

“შიდსის პროფილაქტიკის” კომპონენტის სამიზნე ჯგუფებია: მაღალი რისკის ჯგუფების პირები (ინექციური ნარკომანები, კომერციული სექს-მუშაკები, ჰომოსექსუალები, B და C ჰეპატიტებითა და ტუბერკულოზით ავადმყოფები, ლტოლვილები, და სხვ.), აივ ინფიცირებული ორსულის ახალშობილები, აივ/შიდსზე ეპიდსიტუაციის შეფასების მიზნით გამოკვლეული მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფები (მეზღვაურები, სამხედრო მოსამსახურეები, პატიმრები, სამედიცინო პერსონალი, ზოგადი მოსახლეობა), აგრეთვე ეპიდემიოლოგიური კერის შესწავლის შედეგად გამოვლენილი აივ ინფიცირებულთან კონტაქტში (სქესობრივი, ნემსის და სხვ.) მყოფი პირები.

“შიდსის პროფილაქტიკის” კომპონენტის ფარგლებში ყოველწლიურად ხდება 20-22000 მაღალი რისკის ჯგუფის პირთა გამოკვლევა აივ ინფექცია/შიდსზე.

Copyright © AIDS Center
2013