title

           

ჯანმოს შიდსის პროგრამის პროექტი

WHOაივ ინფექცია/შიდსის პირველი შემთხვევების გამოვლენა და გამომწვევი ვირუსის იდენტიფიცირება მოხდა 1981-1983 წლებში. 1986 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) დაიწყო აივ ინფექცია/შიდსთან ბრძოლის გლობალური პროგრამა, ხოლო 1996 წლის 1იანვარს დაფუძნდა გაეროს აივ ინფექცია/შიდსის გაერთიანებული პროგრამა (UNAIDS). აივ ინფექცია/შიდსის წინააღმდეგ ბრძოლაში გაეროს თითქმის ყველა ორგანიზაციის მნიშვნელოვანი როლის მიუხედავად, ჯანმო განიხილება როგორც UNAIDS-ის მთავარი მოქმედი ორგანო, რადგან აივ ინფექცია/შიდსი, უპირველეს ყოვლისა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის გლობალურ პრობლემას წარმოადგენს. ჯანმოს, როგორც ლიდერის როლი, კიდევ უფრო გამოიკვეთა 2003 წლის "3X5" ინიციატივით, რომელიც მიზნად ისახავს 3 მილიონი შიდსით დაავადებული ადამიანის ანტირეტროვირუსული მკურნალობით უზრუნველყოფას და უნივერსალური ხელმისაწვდომობის მიღწევას 2005 წლის ბოლოსთვის.

ჯანმო აქტიურ დახმარებას უწევს ქვეყნების მთავრობებს მკურნალობის და პრევენციული ღონისძიებების მოცულობის გაზრდის მიზნით პარტნიორების მოზიდვასა და მათი ძალისხმევის კოორდინაციაში, აივ ინფექცია/შიდსის ეროვნული გეგმების შემუშავებაში, ხარისხიანი მედიკამენტებისა და დიაგნოსტიკური საშუალებებისადმი ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების უზრუნველყოფაში. ამ მიზნით ჯანმოს სათაო ოფისის (ჟენევა) სტრუქტურაში შექმნილია აივ ინფექცია/შიდსის დეპარტამენტი (დირექტორი ბატონი ჯიმ იონგ კიმი), რომელსაც აქვს მანდატი რეგიონულ ოფისებსა და ქვეყნებში მოახდინოს აივ ინფექცია/შიდსის ეპიდემიის სტრატეგიული და ორგანიზაციული პასუხისმგებლობის კოორდინაცია, "3X5" ინიციატივის ტექნიკური მხარდაჭერა, ლობირება და მისი განხორციელებისათვის საჭირო პოლიტიკის შემუშავება, პრევენციისა და მკურნალობის გლობალური სტანდარტების რეგულირება.

აივ ინფექცია/შიდსთან მიმართებაში ჯანმოს სტრატეგია გულისხმობს:

  • გაეროს სისტემის ფარგლებში "3X5" ინიციატივის საერთო ხელმძღვანელობისა და ლობირების უზრუნველყოფას;
  • "3X5" ღონისძიებების ეფექტურ კოორდინირებაში რეგიონული ოფისებისა და ქვეყნების ხელმძღვანელობისათვის მხარდაჭერას;
  • მკურნალობის გამარტივებული გაიდლაინების დანერგვას (პირველი და მეორე რიგის მედიკამენტებით მკურნალობის რეჟიმთა გლობალური სტანდარტი, აივ-ის მართვის გამარტივება);
  • აივ ინფექცია/შიდსის მკურნალობის პროგრამების პროგრესისა და ქმედითუნარიანობის მონიტორინგის მიზნით უნიფიცირებული სტანდარტებისა და გამარტივებული მექანიზმების შემუშავებას (მათ შორის მედიკამენტებისადმი რეზისტენტობის მეთვალყურეობაც);
  • ქვეყნის დონეზე საკადრო რესურსების განვითარების მხარდაჭერას;
  • "3X5" მიზნების, ეროვნული სტრატეგიისა და განხორციელების გეგმების შემუშავების საქმეში ქვეყნების ტექნიკური დახმარებით უზრუნველყოფას;
  • "3X5" სტრატეგიების განხორცილებისათვის სათანადო რესურსების მოზიდვაში ქვეყნების მხარდაჭერას;
  • "3X5" პროგრამის დანერგვის პროცესის მონიტორინგის გახორციელებას.

მართალია, აივ ინფექცია/შიდსის დეპარტამენტი პასუხს აგებს აივ/შიდსთან ბრძოლის პროცესის წარმართვასა და კოორდინაციაზე, მაგრამ დიდი სამუშაო სრულდება ასევე ჯანმოს სხვა განყოფილებებისა და სამსახურების (ინფექციურ დაავადებათა ეპიდზედამხედველობის, ტუბერკულოზის, ოჯახისა და სათემო ჯანმრთელობის, დედებისა და ბავშვების ჯანმრთელობის, ჯანდაცვის სისტემების და ა.შ.) და რეგიონული ოფისების მიერაც.

ჯანმოს ევროპის რეგიონული ბიუროს (კოპენჰაგენი) სქესობრივად გადამდები ინფექციებისა და აივ ინფექცია/შიდსის პროგრამული ერთეული (რეგიონული მრჩეველი ბატონი სერჟან მატიჩი) ახორციელებს რეგიონის ქვეყნების მხარდაჭერას, რაც მოიცავს:

  • იმ სფეროების იდენტიფიცირებას, სადაც საჭიროა რეგიონული ბიუროს მხარდაჭერისა და დახმარების უზრუნველყოფის კოორდინირება;
  • ტექნიკურ დახმარებისთვის ქვეყნის მოთხოვნაზე რეაგირებას;
  • ქვეყნის ოფისის კომპეტენციებისა და შესაძლებლობების ჩამოყალიბებას;
  • ქვეყნის წარმომადგენლობების უზრუნველყოფას ადამიანური და ფინანსური რესურსებით;
  • საერთაშორისო ნორმებისა და გაიდლაინების ქვეყნის ან რეგიონის კონტექსტთან ადაპტირებას;
  • აივ ინფექცია/შიდსის რეგიონალური პროგრამის ბიუჯეტში ცალკეული ქვეყნების საჭიროებების ინტეგრირებასა და კოორდინაციას;
  • საქართველოს წამყვანი სპეციალისტების ჯანმოს ეგიდით ჩატარებულ საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობას.

ჯანმოს წარმომადგენლობა საქართველოში (ხელმძღვანელი ქალბატონი რუსუდან კლიმიაშვილი) მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ჯანმოსთან თანამშრომლობის ადმინისტრირების, კონსოლიდაციის გაფართოების საქმეში. თანამშრომლობის ორწლიანი (2004-2005 და 2006-2007 წლების) ხელშეკრულებების (BCA) ერთ-ერთ პრიორიტეტს აივ ინფექცია/შიდსთან ბრძოლის ხელშეწყობა წარმოადგენს.

"3X5" ინიციატივის ფარგლებში ჯანმო (აივ ინფექცია/შიდსის ჯანმოს პროგრამის კოორდინატორის საქართველოში ბატონ ამირან გამყრელიძის მეშვეობით) ახორციელებს "3X5" ინიციატივის დანერგვის ღონისძიებების, შეფასების მკაფიო კრიტერიუმების, მონიტორინგის, დროის გრაფიკის, რესურსებისა და პროგრამის მართვის სისტემების განსაზღვრის ხელშეწყობასა და ქვეყანაში მოქმედ ყველა პარტნიორთან საქმიანობის კოორდინირებას; მთავრობისა და სხვა ადგილობრივი პარტნიორებისათვის ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფას აივ ინფექცია/შიდსის მკურნალობის, ზრუნვისა და პრევენციის პროგრამების დაგეგმვის, განხორციელებისა და მონიტორინგის საქმეში; ქვეყნის საჭიროებების განსაზღვრას და ამ საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ჯანმოს ყველა დონეზე შესაბამისი მხარდაჭერის აღმოსაჩენად.

გლობალური ფონდის (GFATM), გაეროს სააგენტოების (UNAIDS, WHO, UNICEF, UNDP, UNFPA და სხვ.), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და სხვა დონორების მხარდაჭერით საქართველო ასრულებს "3X5" ინიციატივას და UNADS-ის მიდგომას "სამი - ერთიანი": მიღწეულია ანტირეტროვირუსული მკურნალობისადმი 100% ხელმისაწვდომობა, ქვეყანაში შემუშავდა აივ ინფექცია/შიდსის პრევენციის მულტისექტორული ხუთწლიანი პროგრამა და მისი შესრულების ეროვნული სტრატეგიული გეგმა, შეიქმნა კოორდინირების ეფექტური მექანიზმი, ვითარდება მონიტორინ ნგისა და შეფასების ერთიანი სისტემა.

2004 წელს ჯანმოს ხელშეწყობით ქართველი ექიმებისთვის ჩატარდა ტრეინინგი აივ ინფექცია/შიდსის კლინიკურ მენეჯმენტში, ითარგმნა ქართულად და ადაპტირებული იქნა საქართველოსთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლები პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებისთვის "დახმარების აღმოჩენა და მკურნალობა აივ ინფექცია/შიდსის დროს", რომელიც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ 2005 წელს დამტკიცებულია როგორც დამხმარე სახელმძღვანელო.

2005 წლის 17 ივნისს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ინიციატივით ჩატარდა შეხვედრა " აივ/შიდსი: ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პოლიტიკა და საქართველო", რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის პრობლემებზე მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები. ამ ტიპის შეხვედრების ჩატარება დაგეგმილია საქართველოს რეგიონებში (ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი) 2006 წლის იანვრის ბოლოს.

2005 წლის 6-7 სექტემბერს თბილისში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებულ იქნა სამხრეთ კავკასიის ქვეყნების (აზერბაიჯანი, სასომხეთი, საქართველო) სამუშაო შეხვედრა " აივ ინფექციის მკურნალობისა და მოვლის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება - პრობლემების გადაჭრის გზების დასახვა", რომელსაც ხელმძღვანელობდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს სქესობრივად გადამდები ინფექციების, აივ ინფექცია/შიდსის პროგრამის რეგიონული მრჩეველი ბატონი სერჟან მატიჩი.

კონფერენციისა და მის შემდგომ პერიოდში ბატონ სერჟან მატიჩსა და ქალბატონ ლალი ხოტენაშვილს (ჯანმოს ევროპის რეგიონული ბიუროს სქესობრივად გადამდები ინფექციების, აივ ინფექცია/შიდსის პროგრამის სამედიცინო ოფიცერი) თბილისსა და ბათუმში შეხვედრები ჰქონდათ საქართველოს პირველ ქალბატონთან - სანდრა ელიზაბეტ რულოვსთან (აივ ინფექცია/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიას ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე), საქართველოს ჯანმრთელობის სფეროს აღმასრულელი და საკანონმდბლო ორგანოების პირველ პირებთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის სფეროს ხელმძღვანელობასთან, აივ ინფექცია/შიდსის ქვეყნის სამსახურის ხელმძღვანელობასთან, სადაც დაისახა ჯანმოსა და საქართველოს შორის აივ/შიდსის სფეროში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.

2005 წლის 9 სექტემბერს, ბატონ ს.მატიჩისა და ქალბატონ ლ.ხოტენაშვილის ვიზიტის ფარგლებში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოში წარმომადგენლობის ინიციატივით გაიმართა სამუშაო შეხვედრა არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციებთან " სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა საქართველოში ანტირეტროვირუსული მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაში", რომელიც გამომდინარე მისი მნიშვნელობიდან და ჯანმოს ზოგადი პოლიტიკიდან არასამთავრობო სექტორთან მიმართებაში, გახდება რეგულარული და ჩატარდება სამ თვეში ერთხელ.

მომავალში ჯანმოს დახმარებითა და მხარდაჭერით საქართველოში განხორციელდება:

  • აივ/შიდსის მკურნალობის ეროვნული პროტოკოლების პერიოდული გადასინჯვა და განახლება;
  • აივ/შიდსის მკურნალობის ეფექტურობისა და უსაფრთხოების ზედამხედველობის, მონიტორინგისა და შეფასების ეროვნული სისტემის გაუმჯობესების ხელშეწყობა;
  • აივ/შიდსის მკურნალობაში ჯანმოს რესურსებისადმი ხელმისაწვდომობა;
  • მედიკამენტების შეძენისა და მიწოდების ჯაჭვის მართვის სისტემების გაძლიერების მიზნით ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფის გაგრძელება.

2005 წლის დასასრულამდე დაგეგმილია კიდევ ჯანმოს რამოდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება აივ ინფექცია/შიდსის სფეროში:

  • ჯანმოს საქართველოს წარმომადგენლობა კოორდინაციას უწევს ქართულენოვანი მუდმივგანახლებადი ინტერნეტ-გვერდის შექმნას, რომლის პრეზენტაციაც მოხდება 2005 წლის პირველ დეკემბერს, შიდსის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ პრეს-კონფერენციაზე;
  • ჯანმოს საქართველოს წარმომადგენლობა ორგანიზაციას უკეთებს 2005 წლის 29 ნოემბერს დაგეგმილ შეხვედრას საქართველოს ბიზნეს წრეებთან თემაზე "აივ ინფექცია/შიდსი და კერძო სექტორი საქართველოში".
  • 2005 წლის 5-9 დეკემბერს დაგეგმილია ჯანმოს ევროპის რეგიონული ბიუროს სასწავლო სემინარი თემაზე "აივ ინფექცია/შიდსის კლინიკური მენეჯმენტი", რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 10 ექიმი საქართველოს რეგიონებიდან და რომელსაც უხელმძღვანელებს ექსპერტი ინგლისიდან ქალბატონი ანა მარია გერეტი.
  • 2005 წლის 12-16 დეკემბერს დაგეგმილია ჯანმოს ექსპერტის ქალბატონ ანიტა ალბანის ვიზიტი, რომელიც შიდსის ცენტრის სპეციალისტებთან ერთად იმუშავებს პროექტზე "აივ ინფექცია/შიდსის ინტერვენციების ხარჯების სავარაუდო შეფასება საქართველოში";
  • 2005 წლის 15-17 დეკემბერს დაგეგმილია ჯანმოს ევროპის რეგიონის ბიუროს სასწავლო სემინარი "აივ ინფექციის მეორე გენერაციის ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის სისტემა", რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 25 ეპიდემიოლოგი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან და რომელსაც უხელმძღანელებს ჯანმოს ექსპერტი გერმანიიდან ბატონი ოსამაჰ ჰამუდა

Copyright © AIDS Center
2013