title

           

აივ/შიდსთან დაკავშირებული ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი


"აივ ინფექცია/შიდსთან დაკავშირებული ტერმინების განმარტებითი ინგლისურ ქართული ლექსიკონი" -
HIV/AIDS Glossary. თ. ცერცვაძე, ნ. ბადრიძე. 2009 წ.

(სრული ვარიანტი)







აბაკავირი

ანტირეტროვირუსული პრეპარატი, უკუტრანსკრიპტაზას ინჰიბიტორის ნუკლეაზას ანალოგი, გამოცემული ფარმაკოლოგიური კომპანია ”გლაკსოს” მიერ.
აბსცესი
ჩირქგროვა, ჩირქის დაგროვება სხვადასხვა ქსოვილში/ორგანოში. აბსესის ყველაზე ხშირი მიზეზია ბაქტერიით გამოწვეული ლოკალური (ადგილობრივი) ინფექცია, ძირითადად გამოწვეულია სტაფილოკოკის მიერ. მკურნალობა- ანტიბიოტიკები და/ან ოპერაციული ჩარევა.
აგრესიული მკურნალობა
მკურნალობის სახე, როდესაც გამოიყენება ყველა სამკურნალო საშუალება, ისეთი მედიკამენტების ჩათვლით, რომლებსაც გააჩნიათ არასასურველი გვერდითი ეფექტები.
ადენოვირუსი
ვირუსების ოჯახი, რომლებიც იწვევენ გაციების მსგავს მოვლენებს.
ადენოპათია
ლიმფური კვანძების გადიდება.
აზიდოთიმიდინი (აზტ), რეტროვირი, ზიდოვუდინი
ანტირეტროვირუსული პრეპარატი, რომელიც იწვევს აივ-ის გამრავლების (რეპლიკაციის) დათრგუნვას. მიეკუთვნება უკუტრანსკრიპტაზას ინჰიბიტორებს. პირველი ანტირეტროვირუსული პრეპარატი, რომლითაც დაიწყეს შიდსის ეფექტური მკურნალობა 1985 წელს.
აივ
დამიანის მუნოდეფიციტის ირუსი, - ვირუსი, რომელიც იწვევს შიდსს. მიეკუთვნება ლენტივირუსების კლასს, რეტროვირუსების ქვეოჯახს. აივ-ის გენეტიკური მასალა შედგება რნმ-ისაგან, რომელიც გამრავლებისათვის იყენებს თავის (ვირუსის) რნმ-ს და მასპინძელი უჯრედის (ლიმფოციტის) დნმ-ს. ამით ვირუსი ხელს უშლის ლიმფოციტის ნორმალურ ფუნქციონირებას და გადააქცევს მას ვირუსის მწარმოებლად.
აკრომეგალია
ქრონიკული დაავადება, რომელიც გამოწვეულია ზრდის ჰორმონის –სომატოტროპინის სისხლში ჭარბი გამოყოფით. აკრომეგალიის მიზეზია ჰიპოთალამუსის ან ჰიპოფიზის ფუნქციის დარღვევა. გამოვლინდება სხვადასხვა ორგანოების (განსაკუთრებით ცხვირის, ყურების, ყბების და კიდურების) მკვეთრი ზრდით.
ალერგენი
ფაქტორი ან ნივთიერება, რომელიც იწვევს ალერგიულ რეაქციას.
ალერგია
ორგანიზმის მომატებული მგრძნობელობა გარკვეულ გარემო ფაქტორებსა ან/და ნივთიერებაზე. მრავალი ალერგიული რეაქცია გამოიხატება ისეთი სიმპტომებით როგორიცაა: ცემინება, ხველა, სურდო, კანის გამონაყარი, ალერგიული რეაქციები შეიძლება იყოს მძიმე მიმდინარეობის და გამოიწვიოს ადამიანის სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა.
ალოპეცია
თმის ბუდობრივი ცვენა, გამელოტება. ხშირია პაციენტებში, რომლებიც ქიმიოთერაპიას იტარებენ.
ამბულატორიული მკურნალობა
საავადმყოფოს გარეთ მკურნალობა (დისპანსერული, პოლიკლინიკური, სახლში მკურნალობა).
ამნიონური სითხე
სანაყოფე წყლები, სითხე, რომელიც გარს აკრავს ნაყოფს ორსულობის დროს.
ანალგეტიკები
ტკივილგამაყუჩებელი წამლები (პრეპარატები)
ანაფილაქსიური შოკი
ანაფილაქსია – მწვავე ალერგიული რეაქცია, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს. დამახასიათებელია გამონაყარი კანზე და ქავილი, ქსოვილის შეშუპება და ანთება (მაგ ხორხის შეშუპება), არტერიული წნევის მკვეთრი დაცემა. მიზეზი შეიძლება იყოს მწერების შხამზე წამალზე, ზოგიერთ საკვებზე ალერგიული რეაქცია.
ანემია
ჰემოგლობინის და/ან ერითროციტების (სისხლის წითელი უჯრედების) დაბალი მაჩვენებელი პერიფერიულ სისხლში.
ანთება
ორგანიზმის საპასუხო რეაქცია ინფექციაზე ან ქსოვილის დაზიანებაზე. ინფექციის დროს იმატებს სისხლის მიმოქცევა და სისხლძარღვების განვლადობა დაზიანებულ (ანთებად) ქსოვილში.
ანონიმური
როდესაც პიროვნება არ ამჟღავნებს თავის სახელს და გვარს. ლაბორატორიული ანალიზის დროს ამ პიროვნებას ენიჭება გარკვეული ნომერი, ან გამოგონილი სახელი და გვარი.
ანორექსია
მადის დაქვეითება, საკვების მიღებაზე უარის გაცხადება დიდი ხნის მანძილზე.
ანტიგენი
ნივთიერება, რომელიც იწვევს იმუნურ პასუხს. იმუნური სისტემა ანტიგენს განიხილავს როგორც უცხო სხეულს და წარმოქმნის ანტისხეულებს მასთან საბრძოლველად.
ანტისეპტიკი
მიკრობის საწინააღმდეგო, სადეზინფექციო საშუალება.
ანტისხეული
ცილა, რომელიც წარმოიქმნება ორგანიზმში ანტიგენთან საბრძოლველად, რათა გაანადგუროს ან გაანეიტრალოს ბაქტერია, ვირუსი, შხამი, და სხვა უცხო სხეულები რომელიც მოხვდა სისხლის მიმოქცევის სისტემაში.
არაჰოჩკინისეული ლიმფომა
კიბოს იაშვიათი სახე, რომელიც აზიანებს ლიმფური სისტემის B უჯრედებს. ყველაზე გავრცელებული ლიმფომის სახე აივ ინფიცირებულ/შიდსით დაავადებულებს შორის.
ატროფია
ორგანოს ან ქსოვილის ზომაში შემცირება და მისი ფუნქციის დაკარგვა.
აუთრიჩი
გასვლითი აქცია – მოსახლეობასთან ან მოსახლეობის გარკვეულ ჯგუფებთან გასვლითი აქციები, რომელსაც ახორციელებენ სპეციალურად მომზადებული მუშაკები (ან მოხალისეები). ისინი აწყობენ შეხვედრებს დასვენების, სამსახურის და სხვა ჯგუფების შეხვედრის ადგილებში და ავრცელებენ საინფორმაციო მასალებს, თავდაცვის საშუალებებს, აწყობენ ინდივიდუალურ ან/და ჯგუფურ კონსულტაციებს და უწევენ მორალურ მხარდაჭერას.
აციკლოვირი
იგივე ზოვირაქსი – ანტივირუსული პრეპარატი, გამოიყენება მარტივი ჰერპეს 1, ჰერპეს 2 და ჰერპეს ზოსტერის სამკურნალოდ.

B ჰეპატიტი
ღვიძლის ანთება, გამოწვეული B ჰეპატიტის ვირუსით. დაავადებამ შეიძლება მიიღოს ქრონიკული ხასიათი. დაავადება შესაძლებელია გადაეცეს სქესობრივი კონტაქტით, სისხლის გზით (B ჰეპატიტის ვირუსით დაბინძურებული სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენებით, საზიარო ნემსის სარგებლობის შემთხვევაში, ინფიცირებული სისხლის გადასხმით და ა.შ), დედიდან შვილზე მუცლად ყოფნის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების პერიოდში.
ბაქტერია
ერთუჯრედიანი მიკროორგანიზმი, რომელიც ბინადრობს ნიადაგში, წყალში, მცენარეებზე, ცხოველების და ადამიანების ორგანიზმში. ზოგიერთი ბაქტერია იწვევს დაავადებას ადამიანში და მას პათოგენური ბაქტერიები ეწოდება.
ბაქტერიოციდი
წამალი (პრეპარატი), რომელსაც უნარი აქვს ნეიტრალიზაცია გაუკეთოს ან მოკლას ბაქტერია.
ბირთვი
ცოცხალი ორგანიზმის უჯრედის ცენტრალური ნაწილი, რომელსაც როგორც წესი სფეროს ფორმა აქვს. შემოსაზღვრულია მემბრანით, და შეიცავს ცხოველმყოფელობის, გამრავლების და ზრდის გენეტიკურ მასალას.

გენერალიზებული ლიმფადენოპათია
სხვადასხვა ლოკალიზაციის ლიმფური კვანძების გადიდება. აივ ინფექციის გამოვლინების ერთ-ერთი ძირითადი სახე.
გენერალიზებული ლიმფადენოპათია
ორი ან მეტი ლიმფური კვანძის გადიდება 1 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში.
გენი
უმცირესი ნაწილაკი, რომლის საშუალებითაც ყველა ცოცხალი ორგანიზმი მემკვიდრეობით გადასცემს ინფორმაციას. გენები შესდგება დეზოქსირიბონუკლეინმჟავასა (დნმ) და რიბონუკლეინმჟავისაგან (რნმ).
გენიტალური
სასქესო ორგანოებთან დაკავშირებული, მაგ გენიტალური ჰერპესი – სასქესო ორგანოების ჰერპესი.
განციკლოვირი
ანტივირუსული პრეპარატი, გამოიყენება ციტომეგალოვირუსული ინფექციების სამკურნალოდ, ასევე გამოიყენება შიდსთან ასოცირებული მენინგოენცეფალიტის და პოლირადიკულოპათიის დროს.
გონორეა
სქესობრივი გზით გადამდები დაავადება, რომელიც იწვევს სასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსის ანთებას. დაავადების გამომწვევია ბაქტერია - გონოკოკი.

დეზოქსირიბონუკლეინის მაჟავა (დნმ)
უჯრედის ბირთვის შემადგენელი ნაწილი, რომელიც შეიცავს გენეტიკურ ინფორმაციას. დნმ აქვს სპირალის ფორმა და შედგება 2 ერთმანეთთან გადაჯაჭვული პოლინუკლეოტიდის ჯაჭვისაგან.
დემენცია
ჭკუასუსტობა, შიდსის დროს – ნევროლოგიური დაავადება, რომელიც ხასიათდება მოძრაობის კოორდინაციის დარღვევით, ხასიათის მკვეთრი ცვალებადობით, თვითკრიტიკის არარსებობით. დემენციის გვიან სტადიაში ვითარდება მეხსიერების, აზროვნების უნარის დაქვეითება.
დიარეა
ფაღარათი, გამოწვეული სხვადასხვა ფაქტორბით (ბაქტერია, ვირუსი). აივ ინფიცირებულს გარკვეულ პერიოდში შესაძლებელია განუვითარდეს დიარეა, რომელიც ხასიათდება მძიმე და ხანგრძლივი მიმდინარეობით.

ეპიდემია
დაავადების გავრცელება, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება ძირითად დაავადების გავრცელების დონეს მოცემულ ტერიტორიაზე.
ეპიდემიოლოგია
მეცნიერება, რომელიც შეისწავლის დაავადების გამომწვევ ფაქტორებს და სხვადასხვა ფაქტორების ურთიერთდამოკიდებულებას, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს დაავადება. ეპიდემიოლოგია ასევე შეისწავლის დაავადების გავრცელებას და გავრცელების მიზეზებს სხვადასხვა ჯგუფებში.
ეტიოლოგია
დაავადების გამოწვევის მიზეზი. მეცნიერება, რომელიც შეისწავლის დაავადების განვითარების მიზეზებს.

ვირიონი
ვირუსის ნაწილაკი.
ვირულენტური
უნარი გამოიწვიოს დაავადება, პათოგენურობის ხარისხი.

იმუნიზაცია
ინფექციის სპეციფიკური პროფილაქტიკა. აქტიური იმუნიზაციის დროს გამოიყენება ცოცხალი ვაქცინა (ანტიგენი) იმისათვის, რომ ორგანიზმმა თვითონ გამოიმუშაოს იმუნიტეტი. პასიური იმუნიზაციის დროს ორგანიზმში შეჰყავთ უკვე გამზადებული (ხელოვნურად შექმნილი ან სხვა ორგანიზმიდან გამომუშავებული) ანტისხეულები.
იმუნიტეტი
ორგანიზმის დაცვის უნარი ინფექციური და არაინფექციური, ორგანიზმისათვის უცხო აგენტების შეღწევის მიმართ. თანდაყოლილი იმუნიტეტი გადაეცემა მემკვიდრეობით, ისე როგორც სხვა გენეტიკური ინფორმაცია. შეძენილი იმუნიტეტი შეიძლება იყოს აქტიური ან პასიური, და ვითარდება გადატანილი დაავადების ან ვაქცინაციის შედეგად. შეძენილი იმუნიტეტი არ გადაეცემა მემკვიდრეობით.
იმუნობლოტინგი
ლაბორატორიული კვლევის მეთოდი. აივ/შიდსის დროს გამოიყენება როგორც დამადასტურებელი (კონფირმაციული) მეთოდი. დამყარებულია სისხლის შრატში აივ ანტისხეულების აღმოჩენაზე. უფრო მგრძნობიარე და ზუსტი ანალიზის მეთოდია ვიდრე იმუნოფერმენტული ანალიზის (იფა) და სწრაფ/მარტივი ანალიზის მეთოდები.
იმუნოდეფიციტი
იმუნური სისტემის რომელიმე რგოლის ფუნქციონირების დაქვეითების შედეგად ორგანიზმის“უცხო აგენტების” მიმართ წინააღმდეგობის გაწევის უნარის დაქვეითება. შედეგად იმატებს სხვადასხვა დაავადებების განვითარების საფრთხე, რაც ნორმალური იმუნური სტატუსის მქონე ადამიანს არ უნდა განუვითარდეს. აივ/შიდსის დროს ზიანდება T ლიმფოციტებთან დაკავშირებული უჯრედული იმუნიტეტი.
იმუნოსუპრესია
იმუნოდეპრესია – ერთი ან რამოდენიმე იმუნური სისტემის შემადგენელი კომპონენტის ფუნქციის დაქვეითება. აივ/შიდსი იმუნიტეტის სხვა დარღვევებთან ერთად იმუნოსუპრესიასაც იწვევს.
იმუნოფერმენტული ანალიზის მეთოდი (იფა)
ლაბორატორიული კვლევის მეთოდი. აივ/შიდსის დროს გამოიყენება როგორც პირველადი (სკრინინგული) გამოკვლევის მეთოდი. დამყარებულია სისხლის შრატში აივ ანტისხეულების აღმოჩენაზე.
იმუნური სისტემა
ორგანოების, ქსოვილების და უჯრედების ერთობლიობა, რომელიც პასუხისმგებელია იმუნურ პასუხზე. იმუნური სისტემის ცენტრალურ ორგანოებს მიეკუთვნება ძვლის ტვინი, და თიმუსი, პერიფერიულს - ელენთა, ლიმფური ჯირკვლები, ლიმფური კვანძები. იმუნური სისტემა ამოიცნობს “უცხო სხეულებს”, ანეიტალებს/კლავს მას და “იმახსოვრებს” თავისივე პასუხს იმისათვის, რომ გამოიყენოს ანალოგიურ “უცხო” პათოგენთან ბრძოლისას.
იმუნური პასუხი
“უცხო სხეულზე” ორგანიზმის საპასუხო რეაქცია.
ინდინავირი
იგივე კრიქსივანი, ანტივირუსული პრეპარატი, პროტეაზას ინჰიბიტორი, გამოიცემა ფარმაკოლოგიური კომპანია "Merck" –ის მიერ.
ინკუბაციური პერიოდი
დროის მონაკვეთი დაინფიცირების მომენტიდან პირველი სიმპტომების გამოვლინებამდე.
ინტრავენური
ვენაში არსებული ან ვენაში შემავალი (მაგ. ინტრავენური ინექცია - სამკურნალო წამლის ვენაში გაკეთება).
ინტრამუსკულარული
კუნთში არსებული ან კუნთში შემავალი (მაგ. ინტრამუსკულარული ინექცია ნიშნავს კუნთში ინექციის გაკეთებას).
ინფექცია
უცხო სხეულის (ბაქტერია, ვირუსი, სოკო) ორგანიზმში შეჭრის და გამრავლების შედეგად წარმოქმნილი პროცესი, რომელიც იწვევს დაავადების განვითარებას. აივ/შიდსის შემთხვევაში ინფექციის განვითარება დაკავშირებულია აივ-ის სამიზნე (CD4) უჯრედში შეჭრასთან.
ინფორმირებული თანხმობა
პიროვნების ნებაყოფლობითი თანხმობა გამოკვლევის, კლინიკური ექსპერიმენტებში, სხვადასხვა კვლევებში მონაწილეობის მიღების შესახებ. შეიძლება იყოს წერილობითი და ზეპირი. ინფორმირებული თანხმობის მიღება ხდება მას შემდეგ, როდესაც პიროვნებას მიღებული აქვს ინფორმაცია გამოკვლევის/კვლევის ჩატარების მიზნის, მეთოდების, პროცედურების, შესაძლო დადებითი და უარყოფითი ეფექტების შესახებ. პიროვნება, რომელიც თანახმაა მიიღოს მონაწილეობა კვლევაში, ან თანახმაა ჩაიტაროს გამოკვლევა, ხელს აწერს თანხმობის ფორმას, რომლითაც ადასტურებს მის თანხმობას.

კანდიდოზი
კანის, ლორწოვანი და რქოვანი ნაწილის (ფრჩხილების) ან შინაგანი ორგანოების (მათ შორის საჭმლის მომნელებელი ორგანოების, საშვილოსნოს, ფილტვების) დაავადება, გამოწვეული სოკო Candida-თი. ორალური ან ვაგინალური კანდიდოზი იმუნური სისტემის დაქვეითების ერთ-ერთი პირველი სიმპტომია.
კაპილარი
უწვრილესი სისხლძარღვები, რომლებიც აკავშირებს ვენებს და არტერიებს ერთმანეთთან.
კაპოშის სარკომა
სისხლძარღვების კედლებზე განვითარებული ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ძირითადად უვითარდება იმუნური სტატუსის დაქვეითებულ პირებს. კაპოშის სარკომის ძირითადი სიმპტომები კანის ზედაპირზე ან შინაგან ორგანოებში მუქი ალუბლისფერი, წითელი ან იასამნისფერი ლაქების ან კვანძების განვითარებაა. კაპოშის სარკომის განვითარება აივ ინფიცირებულ პაციენტში შიდსის სტადიის განვითარებაზე მეტყველებს.
კახექსია
განლევის სინდრომი – განლევის უმაღლესი ზღვარი, რომელიც ხასიათდება მკვეთრი წონაში დაკლებით და ფიზიკური სისუსტით. კახექსია ძირითადად ვითარდება მძიმე ფორმის დაავადებების ან ძლიერი და ხანგრძლივი შიმშილობის შედეგად. განლევის სინდრომი დამახასიათებელია შიდსით დაავადებულ ავადმყოფებისათვის.
კომბინირებული თერაპია
ორი, სამი ან მეტი სამკურნალო პრეპარატის ერთდროული გამოყენება. ფართედ გამოიყენება აივ/შიდსის მკურნალობის დროს. დადასტურებულია ანტივირუსული პრეპარატებით კომბინირებული თერაპიის უპირატესობა მონოთერაპიასთან (ერთი პრეპარატით მკურნალობა) შედარებით.
კონტაგიოზური
გადამდები, რომელიც გადაედება საყოფაცხოვრებო პირობებში
კონტრაცეპტია
თავის დაცვა დაუგეგმავი ორსულობისაგან. კონტრაცეფტიულ პრეპარატებში განიხილება ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატები ან მეთოდები.
კონფიდენციალური
ინფორმაციის საიდუმლოდ შენახვა. დაფუძნებულია ნდობის ფაქტორზე. კონფიდენციალური გამოკვლევის დროს პაციენტის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია მხოლოდ ექიმისათვის, და მას (ექიმს) არ აქვს უფლება გვარი გაუმხილოს სხვა ადამიანს.

ლამივუდინი
ანტივირუსული პრეპარატი, ნუკლეოზიდის ანალოგი, უკუტრანსკრიპტაზას ინჰიბიტორი, მოქმედებს აივ-ზე ლამივუდინის, აზიდოთიმიდინის მსგავსად, მაგრამ ხასიათდება უფრო ნაკლები ტოქსიურობით.
ლატენტური პერიოდი
პერიოდი, როდესაც გამომწვევი არააქტიურ ფორმაში ცირკულირებს ორგანიზმში, არ მრავლდება და არ იწვევს დაავადებისათვის დამახასიათებელ სიმპტომებს. აივ ინფექციის დროს, მიუხედავად იმისა რომ გვიან ხდება სიმპტომების გამოვლინება ინფიცირების მომენტიდან, ვირუსი ნამდვილად ლატენტური არასოდეს არ არის. იგი მუდმივად მრავლდება ორგანიზმში და აინფიცირებს ახალ CD4+ უჯრედებს. ვირუსის ნაწილაკების დაგროვება ხდება როგორც თავისუფალ, ისე ინფიცირებულ უჯრედებში.
ლაქტაცია
სარძევე ჯირკვლებიდან რძის გამოყოფა.
ლეიკოპენია
სისხლში ლეიკოციტების ზღვარის ნორმაზე დაბლა დაწევა.
ლეიკოციტები
სისხლის თეთრი უჯრედები, რომლებიც ასრულებენ იმუნურ ფუნქციას, მონაწილეობენ ანტისხეულების წარმოქმნაში და იცავენ ორგანიზმს უცხო სხეულების მოხვედრისგან. ლეიკოციტები 3 სახისაა – გრანულოციტები, ლიმფოციტები და მონოციტები.
ლიმფოციტები
ლეიკოციტების ერთ-ერთი სახე, რომლებიც წარმოიქმნებიან ლიმფოიდურ ორგანოებში. ლიმფოციტები ახორციელებენ შეძენილ იმუნიტეტთან დაკავშირებულ იმუნურ პასუხს. ლიმფოციტებს მიეკუთვნება CD4, CD8 უჯრედები.
ლოკალიზებული
მდებარე, - გარკვეულ ორგანოს ან ორგანიზმის ნაწილს მიკუთვნებული.
ლორწოვანი გარსი
ორგანიზმის ლორწოვალი ქსოვილი, რომლითაც დაფარულია საჭმლის მომნელებელი, სასუნთქი, საშარდე და სხვა სისტემები.

მეანობა
სამედიცინო სპეციალობა, რომელიც მოიცავს ორსულობისა და მშობიარობის პროცესებს.
მედიკამენტებით გამოწვეული გვერდითი მოვლენები
წამლის მოქმედების დროს გამოწვეული მოვლენები, რომელიც თან ახლავს წამლის მიღებას. ძირითადად გვერდითი ეფექტების დროს საუბრობენ არასასურველ ეფექტებზე მაგ. თავის ტკივილი, გულის რევა, ალერგიული რეაქციები, ღვიძლის დაზიანება და ა.შ. ახალი პრეპარატების გამოცდისას შეისწავლება წამლის როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი გვერდითი ეფექტები.
მეტადონი
სინთეზური ნარკოტიკი, რომელიც მიიღება პერორალურად (დასალევად) და გამოიყენება როგორც ტკივილის შესამცირებელი საშუალება ოპიატური დამოკიდებულებაზე მყოფი პაციენტების სამკურნალოდ.
მიკრობი
მიკროსკოპული ცოცხალი ორგანიზმი, რომელთა ჯგუფს მიეკუთვნება ბაქტერიები, უმარტივესები (პროტოზოა) და სოკოები.
მუტაცია
ბიოლოგიაში ცნობილია როგორც გენის ინფორმაციის უცაბედი ცვლილება, რის შედეგადაც წარმოიქმნება ახალი მემკვიდრეობითი ნიშნები. მუტაცია შესაძლებელია განვითარდეს რადიაციის, ექსტრემალური ტემპერატურის, ქიმიური ნივთიერებების და სხვა ზოგიერთი ფაქტორის ზემოქმედებით. მუტაცია ასევე ეწოდება გენში ამინომჟავების გადანაცვლებით ან დაკარგვით მომხდარი ცვლილებების დროს. აივ-ისთვის დამახასიათებელია ხშირი მუტაცია. ერთი და იგივე ადამიანის ორგანიზმში შეიძლება აღმოჩენილი იყოს მუტაციის შედეგად განვითარებული ვირუსის სხვადასხვა შტამები, რომლებსაც ასევე უნარი გააჩნიათ დააინფიცირონ და მოკლან სამიზნე უჯრედები. პაციენტის ორგანიზმში, დაავადების ბოლო სტადიაზე როგორც წესი გააჩნია უფრო ვირულენტური შტამები, ვიდრე ამავე პაციენტს დაავადების დასაწყის სტადიაში.
მწვავე
სწრაფად პროგრესირებადი, მძიმედ მიმდინარე, ზოგჯერ სიცოცხლისათვის საშიში დაავადება, სიმპტომი, შეტევა და ა.შ. მრავალი დაავადებისათვის დამახასიათებელია მწვავე ფაზა (აივ/შიდსის შემთხვევაში მწვავე ფაზა დაკავშირებულია სეროკონვერსიის განვითარებასთან), რასაც თან მოსდევს გამოჯანმრთელება ან ქრონიკულ ფაზაში გადასვლა. განხვავებას მწვავე და ქრონიკულ ფაზებს შორის მნიშვნელობა აქვს მკურნალობისათვის.
მწვავე რეტროვირუსული სინდრომი
აივ-ის პირველადი მწვავე ინფექციის პერიოდი ინფიცირების მომენტიდან 3 თვის მანძილზე. ხშირად უსიმპტომოდ მომდინარეობს, შესაძლებელია განვითარდეს გრიპის ან ინფექციური მონონუკლეოზის მსგავსი სიმპტომები.

ნევირაპინი
(ვირამინი, ვირამუნი) – ანტივირუსული პრეპარატი, არანუკლეოზიდის ინჰიბიტორი, გააჩნია აზტ-ს მსგავსი მოქმედება, მაგრამ განსხვავდება ქიმიური შემადგენლობით.
ნეკროზი
ქსოვილის, ორგანოს ან ორგანოს ნაწილის სიკვდილი.
ნელფირავინი – ვირასეპტი
ანტივირუსული პრეპარატი. პროტეაზას ინჰიბიტორი.
ნუკლეოზიდი
ნუკლეოტიდების წინამორბედი, ნუკლეოზიდები გარდაიქმნება ნუკლეოტიდებად ფოსფორის ჯგუფებთან შეერთების საშუალებით.
ნუკლეოზიდის ანალოგი
უკუტრანსკრიპტაზას ინჰიბიტორი, მიეკუთვნება ანტივირუსული პრეპარატების ოჯახს.
ნუკლეოტიდები
უჯრედის გენეტიკური ნივთიერების ძირითადი საშენი ერთეული.

ოპორტუნისტული ინფექცია
პირობითად პათოგენური მიკრობებით გამოწვეული დაავადება, რომლითაც ავადდება დასუსტებული იმუნური სტატუსის მქონე პირი. ეს მიკრობები არ იწვევენ დაავადებას ჯანმრთელ (ნორმალური იმუნური სტატუსის მქონე) პირებში. მრავალი ამ მიკრობებს შორის ლატენტურ ფორმაში იმყოფება ადამიანის ორგანიზმში, მაგრამ დაავადება შეუძლიათ გამოიწვიონ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც იმუნური სისტემა სერიოზულად დაუძლურებულია.
ორალური
პირი, პირის ღრუ, პირის ღრუსთან დაკავშირებული.
ორალური კანდიდოზი
პირის ღრუს სოკოვანი დაავადება, რომელიც ძირითადად გამოწვეულია Candida albicans-ით. ახასიათებს თეთრი ან წითელი ლაქები პირის ღრუს ლორწივან გარსზე, ენაზე, სასაზე ან ყელზე. ორალურ კანდიდოზს ასევე მიეკუთვნება კუთხოვანი ხეილიტი – პირის კუთხეებში განვითარებული ნახეთქები.

პათოგენი
მიკროორგანიზმი ან ფაქტორი, რომელიც იწვევს დაავადებას.
პათოგენეზი
პროცესების ერთობლოობა, რომელიც განსაზღვრავს დაავადების აღმოცენების და განვითარების მიზეზებს. მოიცავს ფიზიოლოგიურ, ბიოქიმიურ, მორფოლოგიურ, იმუნურ და სხვა პროცესებს, რომელიც მიმდინარეობს ადამიანის ორგანიზმში პათოგენის შეჭრის შემდეგ.
პათოლოგიური
ნორმიდან გადახრილი.
პალიატიური მკურნალობა
მკურნალობა, რომელიც მხოლოდ შვებას აძლევს პაციენტს, (არ ხდება მისი გამოჯანმრთელება).
პანდემია
ინფექციური დაავადების გავრცელება რამოდენიმე ქვეყანაში ან რამოდენიმე კონტინენტზე, რომელსაც ახასიათებს მოსახლეობის მასიური დაავადება.
პარაზიტი
მცენარე ან მიკროორგანიზმი, რომელიც ცხოვრობს მასპინძელ ორგანიზმზე ან ორგანიზმის შიგნით და იკვებება მასპინძლის ნივთიერებით. ზოგიერთი პარაზიტი იწვევს ანთებით პროცესებს, ზოგი ინფექციურ დაავადებებს და აზიანებს მასპინძლის ქსოვილს. ადამიანის ორგანიზმის პარაზიტებს წარმოადგენენ სოკოები, ბაქტერიები, პროტოზოები, ჭიები და ვირუსები.
პარენტერალური
ინტრამუსკულარულად (კუნთში), ინტრავენურად (ვენაში), ან კანქვეშ რაიმე ნივთიერების შეყვანა.
პასიურად გამომუშავებული იმუნიტეტი
იმუნიტეტი, რომელიც გამომუშავდება სხვა ადამიანის ან ცხოველის მიერ გამომუშავებული ანტისხეულების შეყვანის შედეგად. პასიური იმუნიტეტი შეიძლება იყოს გამომუშავებული ბუნებრივი გზით – მაგ. დედიდან ახალშობილზე გადაცემული პასიური იმუნიტეტი ან ხელოვნური გზით – იმუნოგლობულინის ორგანიზმში შეყვანით (ინექციებით).
პერორალური
პირის გზით მიღება.
პლაზმა
სისხლის თხიერი ნაწილი, რომელსაც გადააქვს მკვებავი ნივთიერებები მთელს ორგანიზმში. პლაზმის საშუალებით ორგანოებიდან გამოდის ნივთიერებათა ცვლის პროდუქტები.
პნევმოცისტური პნევმონია
ერთ-ერთი გავრცელებული ოპორტუნისტული ინფექცია შიდსით დაავადებულ პაციენტებში. გამოწვეულია მიკროორგანიზმი Pნეუმოცყსტის ცარინიი-თ და იწვევს სიცოცხლისათვის საშიში პნევმონიის ფორმას.
პოლიმერიზაციის ჯაჭვური რეაქციის მეთოდი
მაღალი მგრძნობელობის მქონე ანალიზის მეთოდი, რომელიც დაფუძნებულია ვირუსის, ბაქტერიის და სხვა ორგანიზმების დნმ-ის ფრაგმენტის აღმოჩენაზე სისხლში ან ქსოვილში.
პრევენციული
პროფილაქტიკური, გაფრთხილებადი.
პროტეაზა
ცილის დამშლელი ფერმენტი. აივ პროტეაზას არსებობა აუცილებელი ფაქტორია ვირუსის რეპლიკაციისათვის (გამრავლებისათვის).
პროტეაზას ინჰიბიტორი
ანტივირუსული პრეპარატი, რომელიც ხელს უშლის აივ სპეციფიური პროტეაზის წარმოქმნას.
პროტეაზას ინჰიბიტორი
ანტივირუსული პრეპარატები, რომლებიც მოქმედებენ პროტეაზაზე (ფერმენტზე, რომელიც აუცილებელია აივ-ის გამრავლებისათვის). პროტეაზას ინჰიბიტორები წარმოქმნიან აივ-ის არასრულყოფილ ვირიონს, რომელსაც არ გააჩნია ახალი სამიზნე (CD4) უჯრედის დაინფიცირების უნარი.
პროფილაქტიკა
დაავადების განვითარების საწინააღმდეგოდ მიმართული ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც მიმართულია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

რეზისტენტობა
შეჩვევა გარკვეულ სამკურნალო პრეპარატების მიმართ. ორგანიზმის, მიკროორგანიზმის, ვირუსის თვისება დაკარგოს მგრძნობელობა გარკვეული წამლის მიმართ.
რემისია
სიმპტომების გამოვლინების დროებითი შესუსტება ან გაქრობა. რემისია შესაძლებელია განვითარდეს მკურნალობის, ორგანიზმის დაცვითი მექანიზმის გააქტიურების ან დაავადების მიმდინარეობის სპეციფიკიდან გამომდინარე. რემისია შეიძლება გაგრძელდეს რამოდენიმე დღიდან რამოდენიმე ათწლეულამდე. რემისიის არსებობა არ ნიშნავს ადამიანის სრულ გამოჯანმრთელებას.
რეპლიკაცია
გამრავლება, განმეორება.
რეტროვირუსი
მიეკუთვნება რნმ-ის შემცველი ვირუსების კლასს, რომლებიც გენეტიკური მასალის კოპირებისათვის იყენებენ თავის რნმ-ს და მასპინძელი უჯრედის დნმ-ს. აივ-ი მიეკუთვნება რეტროვირუსების კლასს.
რისკის ფაქტორი
გარკვეული ავადმყოფობით დაავადების რისკი, გამოწვეული გარემო ფაქტორების, გარემოცვის ან ადამიანის ქცევიდან.
რნმ – რიბონუკლეინმჟავა
მოლეკულა, რომელიც შედგება ნუკლეოტიდებისაგან და აქვს ერთ ჯაჭვიანი სპირალის ფორმა. რნმ-ის მოლეკულის სინთეზირება ხდება დნმ-ის მოლეკულაზე (უკუტრანსკრიპტაზა). რეტროვირუსები და მათ შორის აივ-ი, რნმ-ის შემცველი ვირუსებია და მათი ადამიანის გენომში დამკვიდრება უკუტრანსკრიპტაზის საშუალებით ხორციელდება.

საკეისრო კვეთა
მშობიარობა ოპერაციული ჩარევის შედეგად, რის შედეგადაც ნაყოფის ამოყვანა საშვილოსნოდან ხდება მუცლის ფარის გაკვეთის შედეგად.
სგგი
სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, რომლებსაც მიეკუთვნება სიფილისი, გონორეა, ქლამიდია, აივ/შიდსი, და სხვა. სგგი გადაეცემა სქესობრივი კონტაქტის დროს.
სეკვინავირი – ინვირაზა
ანტივირუსული პრეპარატი, პროტეაზას ინჰიბიტორი. მწარმოებელი – ფარმაცევტული კომპანია “ჰოფმან ლა როშე”.
სეროკონვერსია
ორგანიზმის მიერ ანტისხეულების წარმოქმნა. აივ ინფექციის დროს სეროკონვერსიას უწოდებენ პერიოდს, როდესაც სისხლში პირველად ხდება აივ საწინააღმდეგო ანტისხეულების გაჩენა.
სეროლოგია
სისხლის შრატის გამოკვლევა. ხშირ შემთხვევაში სისხლის შრატის გამოკვლევა ხდება სხვადასხვა ანტიგენის საწინააღმდეგო ანტისხეულების აღმოჩენის მიზნით.
სიმპტომი
პაციენტის ჩივილებიდან გამომდინარე ადამიანის ორგანიზმში ან ორგანოების ფუნქციონირებისას გამოვლენილი ცვლილებები.
სიფილისი
სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია/დაავადება, რომელიც გამოწვეულია მკრთალი სპიროქეტის ბაქტერიით. შესაძლოა დააზიანოს მრავალი ორგანო. მკურნალობის გარეშე დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტვინის დაზიანების შეუქცევადი პროცესი (ნეიროსიფილისი) ლეტალური გამოსავლით.
სიყვითლე
კანის და თვალის სკლერების ყვითელი შეფერილობა, რომელიც გამოწვეულია სისხლში ჭარბი ბილირუბინის დაგროვებით. სიყვითლე შეიძლება განუვითარდეს ადამიანს მწვავე ჰეპატიტის, სხვა ღვიძლის პათოლოგიების დროს, და სხვა ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა ნაღვლ/კენჭოვანი დაავადებები და ჰემოლიზი (ერითროციტების სწრაფი დაშლა).
სტავუდინი
ანტივირუსული პრეპარატი, გამოიყენება აივ/შიდსით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ. არის უკუტრანსკრიპტაზას ინჰიბიტორი.
სუბფებრილური
სხეულის ტემპერატურის ნორმაზე უმნიშვნელო მატება.

Т-4 ლიმფოციტი
CD-4 უჯრედები, “დამხმარე უჯერდები” - ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლეიკოციტებს (სისხლის თეთრ უჯრედებს) შორის. ეხმარება ორგანიზმს ინფექციასთან ბრძოლაში. აივ-ი შეიჭრება CD-4 უჯრედში, აუძლურებს და კლავს მას. 1 მლ სისხლში CD-4 ლიმფოციტების განსაზღვრით ხდება ოპორტუნისტული ინფექციების განვითარების რისკის შეფასება.
Т-8 ლიმფოციტი
“სუპრესორები” – ლეიკოციტები სახე (სისხლის თეთრი უჯრედები), რომლებიც არეგულირებენ ინფექციებზე ორგანიზმის რეაქციას.
ტოქსინი
შხამი, მავნე ან მომწამვლელი ნივთიერება.
ტოლერანტობა
რომელიმე აგენტის მიმართ ორგანიზმის შეჩვევა, შეგუებლობა როდესაც შეყვანილი დოზა კარგავს ეფექტურობას და საჭიროა მისი (დოზის) გაზრდა.
ტონზილიტი
ნუშურა ჯირკვლების ანთება.
ტოქსიურობა
მოწამვლა, ორგანიზმისთვის ზიანის მიყენების უნარი. ხშირ შემთხვევაში გამოიყენება წამლის გვერდითი ეფექტების დასახასიათებლად.
ტუბერკულოზი
ინფექციური დაავადება, რომელიც გამოწვეულია ტუბერკულოზის მიკობაქტერიით. ყველაზე ხშირად ტუბერკულოზი აზიანებს სასუნთქ გზებს (ფილტვებს), რომელსაც ფილტვისმიერი ტუბერკულოზი ეწოდება. ასევე არსებობს ფილტვისგარეშე ტუბერკულოზი, რომელმაც შეიძლება დააზიანოს სხვადასხვა ორგანოები (მაგ. თვალი, საშარდე სისტემა, პერიფერიული ლიმფური კვანძები, ძვლები, სახსრები და სხვა). დაინფიცირება ძირითადად ხდება ჰაერ-წვეთოვანი გზით.

უკუტრანსკრიპტაზა
რეტროვირუსის ფერმენტი, რომლის საშუალებითაც ხდება დნმ-ის კოპირება რნმ-ის საშუალებით. უკუტრანსკრიპტაზა აივ–ის ცხოველმყოფელობის (სასიცოცხლო ციკლის) უმთავრესი ეტაპია.
უკუჩვენება
გარკვეული მდგომარეობა, რომლის დროსაც გარკვეული პრეპარატების (წამლების) მიღებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს პაციენტს.
უსიმპტომო მტარებელი
აივ ინფიცირებული, რომლებსაც არ აღენიშნება შიდსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები (ანუ ჯანმრთელად გრძნობს თავს), მაგრამ წარმოადგენს ინფექციის წყაროს. უსიმპტომო მტარებელმა შეიძლება დააინფიციროს მეორე პიროვნება სქესობრივი, სისხლის და ვერტიკალური გზით.

ფაგოციტი
სისხლის თეთრი უჯრედები (მაგ. ნეიტროფილები, ბაზოფილები, მონოციტები, მაკროფაგები), რომლებიც შთანთქავენ და აუვნებელყოფენ მკვდარ უჯრედებს, ბაქტერიებს და ორგანიზმში მოხვედრილ სხვა უცხო სხეულებს. უცხო სხეულის გადაყლაპვის შემდეგ ფაგოციტები გამოიმუშავებს ტოქსიურ ნივთიერებას მის გასანადგურებლად.
ფაგოციტოზი
ფაგოციტების მიერ უცხო სხეულის შთანთქმა და გაუვნებელყოფა.
ფანჯრის პერიოდი
სერონეგატიური პერიოდი – აივ-ისთვის ეს არის პერიოდი ვირუსის გამრავლების მომენტიდან სისხლში სპეციფიკური ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების გამოვლინებამდე. აივ-ის დროს ფანჯრის პერიოდი გრძელდება 2 კვირიდან 3 თვემდე.

შეძენილი აქტიური იმუნიტეტი
იმუნიტეტი, რომელსაც ორგანიზმი თვითონ გამოიმუშავებს შესაბამის ანტისხეულებს გადატანილი ინფექციური დაავადების შედეგად.
შიდსთან ასოცირებული კომპლექსი
ტერმინი, რომელსაც არ გააჩნია ოფიციალური სტატუსი და გამოიყენება აივ ინფიცირებული პაციენტების რიგი სიმპტომების აღსანიშნავად. მაგ. იმუნური სტატუსის დაქვეითება, სხეულის მასის მკვეთრი დაკლება, ხანგრძლივად მომატებული ტემპერატურა, ძლიერი ოფლიანობა ღამის საათებში, გენერალიზებული ლიმფადენოპათია და სხვა. შიდსთან ასოცირებული კომპლექსის სინონიმია – სიმპტომური აივ ინფექცია.
შრატი
სისხლის გამჭვირვალე, თხიერი ნაწილი.

ცრუ დადებითი შედეგი
ანალიზის დადებითი შედეგი, როდესაც პიროვნება არ არის დაავადებული/ინფიცირებული ინფექციით, რომელზეც ჩაიტარა გამოკვლევა და მიიღო დადებითი შედეგი.
ცრუ უარყოფითი შედეგი
ანალიზის უარყოფითი შედეგი, როდესაც პიროვნება დაავადებულია/ინფიცირებულია ინფექციით, რომელზეც ჩაიტარა გამოკვლევა და მიიღო უარყოფითი შედეგი.

ჰემატოლოგიური
სისხლთან ან სისხლძარღვებთან დაკავშირებული.
ჰეპატიტი
ღვიძლის ანთება, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა ვირუსებით, ალკოჰოლით, გარკვეული წამლებით და სხვა ფაქტორებით.

Copyright © AIDS Center
2013