თბილისი, ლუბლიანას ქ. N70
AIDS Center LOGO
სს თ. ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი
თბილისი, ლუბლიანას ქ. N70
1 December – World AIDS Day
კალენდარი

მნიშვნელოვანი თარიღები

1 დეკემბერი – შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე

საქართველო უკვე რამდენიმე წელია ტრადიციულად უერთდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღის აღნიშვნაში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოწოდებით 1988 წლიდან, 1 დეკემბერი აღინიშნება შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღედ. ყოველწლიურად ეს დღე გარკვეულ თემას ეძღვნება, რომელშიც ეპიდემიის რომელიმე ასპექტია ხაზგასმული.

შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღის ერთ-ერთი წამყვანი თემა აივ/შიდსის პრობლემაა ქალებსა და გოგონებში, რაც იმით არის გამოწვეული, რომ ეპიდემიამ მაღალი რისკის ჯგუფებიდან გადაინაცვლა მოსახლეობის ფართო ფენებში და განსაკუთრებით მწვავედ გამოიკვეთა შიდსთან ასოცირებული გენდერული პრობლემები. მითი იმის შესახებ, რომ შიდსი მოსახლეობის მხოლოდ გარკვეული ჯგუფებისთვის წარმოადგენს რეალურ საფრთხეს, საბოლოოდ განადგურდა.

საპირველდეკემბრო კამპანიის მიზანია კიდევ ერთხელ მივაპყროთ საზოგადოებისა და ყველა ჩვენგანის ყურადღება ამ სერიოზული პრობლემის ირგვლივ, კიდევ ერთხელ გავაცნობიეროთ შიდსის რეალური საფრთხე. საქართველოში შიდსის მოსალოდნელ ეპიდემიასთან ბრძოლა შესაძლებელია მხოლოდ მთავრობის პოლიტიკური ნებისა და სტრატეგიული მხარდაჭერის და მთელი საზოგადოების მობილიზაციის გზით.

შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე

1983 წელს მსოფლიო საზოგადოებამ საფუძველი ჩაუყარა შიდსით დაავადებულთა ხსოვნის საერთაშორისო დღის კამპანიას. ტრადიციულად ეს დღე მაისის მე-3 კვირაში აღინიშნება და დღეისათვის მსოფლიო მოწოდებას 90-ზე მეტი ქვეყანა უერთდება. მისი მიზანია გლობალური საზოგადოების შექმნა აივ/შიდსის წინააღმდეგ, რომელშიც გაერთიანებული იქნება საზოგადოების ყველა ფენა. მაისში მსოფლიოს ყველა კუთხიდან ათასობით ადამიანი შეიკრიბება, რათა სოლიდარობა გამოუცხადოს აივ ინფიცირებულ ადამიანებს და ანთებული სანთლებით პატივი მიაგოს შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნას.

AIDS Candlelight Memorial day

ხსოვნის საერთაშორისო დღე თითოეულ ჩვენთაგანს გვაძლევს საშუალებას:

მოუწოდოთ ყველას აივ/შიდსის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლისაკენ;
პატივი მივაგოთ შიდსით გარდაცვლილების ხსოვნას;
გამოვხატოთ მხარდაჭერა აივ/შიდსით დაავადებულთა მიმართ;
ხელი შევუწყოთ განათლებასა და საზოგადოების მობილიზებას ეპიდემიის წინააღმდეგ;
წვლილი შევიტანოთ აივ/შიდსთან ასოცირებული სტიგმისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრაში.

ხსოვნის საერთაშორისო დღე ემყარება პრინციპებს:

გვახსოვდეს და პატივი მივაგოთ შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნას;
მრავალმილიონიანი აივ ინფიცირებულის მხარდაჭერა და ზრუნვა;
იმ ადამიანების დაცვა, რომელთაც შიდსის პრობლემა ჯერ არ შეხებიათ.

შემთხვევათა რიცხვის მატების მიუხედავად ანტივირუსულმა მკურნალობამ დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყნებში ბევრ ადამიანს გაუხანგრძლივა სიცოცხლე. აივ/შიდსის სამყაროში თანაგრძნობით ცხოვრება, აივ/შიდსით დაავადებული პირების მაქსიმალური მხარდაჭერა, დაავადების წინააღმდეგ ბრძოლისა და შიდსთან ასოცირებული სტიგმისა და დისკრიმინაციისგან თავისუფალი გარემოს შექმნა ყველა ჩვენთაგანის მოვალეობაა. საქართველო ამ მოძრაობას 1996 წელს შეუერთდა პარტნიორული, სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით.

“შიდსის გლობალური ეპიდემიის სავალალო რეალობის წინააღმდეგ ბრძოლა ყველა თანამედროვე ადამიანის მოვალეობაა. თითოეული ადამიანი უზრუნველყოფილი უნდა იყოს შიდსის შესახებ შესაბამისი ინფორმაციით და ხელმისაწვდომი მოვლითა და მზრუნველობით”.

— კოფი ანანი, გაეროს გენერალური მდივანი
Red Ribbon

წითელი ლენტი

მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ატარებს წითელ ლენტს, როგორც აივ ინფექცია/შიდსის პრობлеმის გაზიარების სიმბოლოს. ეს ლენტი 1991 წელს შექმნა მხატვარმა ფრანკ მურმა. წითელი ლენტი გამოხატავს:

სოლიდარობას მათ მიმართ, ვისაც შეეხო ეპიდემია.
პროტესტს დისკრიმინაციისა და სტიგმის წინააღმდეგ.
იმედს, რომ მედიცინა საბოლოოდ სძლევს ვირუსს.