გაეცანით დაავადების შესახებ არსებულ ძირითად სამედიცინო, კლინიკურ და პრევენციულ მიმართულებებს ქვემოთ მოცემული მენიუს მეშვეობით.
კაცობრიობის არსებობის ხანგრძლივ ისტორიას მრავალი ეპიდემია ახსოვს, მათ შორისაა აივ ინფექცია/შიდსი, რომელმაც აღმოჩენის დღიდან დიდი ყურადღება მიიქცია და მოკლე ხანში გლობალურ პრობლემად იქცა. ამ დაავადების წარმოშობის შესახებ მრავალი თეორია არსებობს და დღემდე სადავოა მისი ზუსტი წარმოშობის ადგილი და თარიღი. აივ ინფექცია/შიდსი კლინიკურად პირველად აღწერეს ამერიკის შეერთებულ შტატებში 1981 წელს, როდესაც ჰომოსექსუალ მამაკაცთა შორის ზედიზედ იქნა დიაგნოსტირებული იშვიათი დაავადებების – პნევმოცისტური პნევმონიისა და კაპოშის სარკომის რამდენიმე შემთხვევა. აღნიშნული დაავადებები მანამდე მხოლოდ იმუნოკომპრომეტირებულ პირებში იყო აღწერილი.
აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მიერ ოფიციალურად იქნა რეგისტრირებული შიდსი, როგორც ახალი დამოუკიდებელი დაავადება.
შიდსის გამომწვევი ვირუსი ერთდროულად აღმოაჩინეს პარიზში პასტერის ინსტიტუტში (ლუკ მონტანიე) და ბეთესდაში აშშ-ის კიბოს ნაციონალურ ინსტიტუტში (რობერტ ჰალო).
აივ-ის წარმოშობის შესახებ განსხვავებული ვერსიები არსებობს. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ შიდსის გამომწვევი ვირუსი არ არის ახალი – იგი ხანგრძლივად არსებობდა ცენტრალური და დასავლეთ აფრიკის ზოგიერთ რეგიონში, მაგრამ გლობალურად გავრცელდა მხოლოდ უკანასკნელ ათწლეულებში, რასაც სხვა ფაქტორებთან ერთად ხელი შეუწყო აფრიკიდან სისხლის ექსპორტმა ამერიკისა და ევროპის სისხლის ბანკებში.
ყველაზე გავრცელებული ვერსიის თანახმად, აფრიკის კონტინენტზე მცხოვრები მაიმუნების ზოგიერთ სახეობაში (მწვანე მაიმუნები, მაკაკები) ხანგრძლივი დროის მანძილზე ფართოდ იყო გავრცელებული შიდსის ვირუსის წინამორბედი, რომელიც არ იყო პათოგენური ადამიანისათვის. შემდგომში, მუტაციის ან სხვა ფაქტორების შედეგად, მაიმუნის ვირუსმა გადალახა სახეობრივი ბარიერი და გავრცელდა ადამიანებში. ამ ვერსიის სასარგებლოდ ლაპარაკობს ის ფაქტი, რომ ზემოაღნიშნულ მაიმუნებში აღმოჩენილია ე.წ. მაიმუნის იმუნოდეფიციტის ვირუსი (მივ), რომელიც მათში იწვევს შიდსის მსგავს დაავადებას. გარდა ამისა, ადამიანისა და მაიმუნისაგან გამოყოფილი ვირუსები საკმაოდ ჰგვანან ერთმანეთს გენეტიკური და ანტიგენური თვისებებით.
აღსანიშნავია, რომ შიდსის ვირუსი აღმოჩენილია ზაირის, უგანდის და ზოგიერთი სხვა აფრიკული ქვეყნის მცხოვრებთა 50-იან წლებში აღებულ სისხლში, რომელიც ამ ხნის განმავლობაში ინახებოდა გაყინულ მდგომარეობაში, ხოლო 60-იან წლებში აფრიკაში აღწერილია ე.წ. ”Slim disease”, რომელიც კლინიკური ნიშნებით შიდსს მოგვაგონებს. სამხედრო ლაბორატორიებში ხელოვნურად შექმნის ძველი ჰიპოთეზები კი ამჟამად მეცნიერების მიერ მთლიანად უარყოფილია.