ეტიოპათოგენეზი
აივ მიეკუთვნება რეტროვირუსების ოჯახს, ლენტივირუსების ქვეოჯახს. ლენტივირუსები, ჩვეულებრივ, ნელ ინფექციებს იწვევენ. მათთვის დამახასიათებელია დაავადების ხანგრძლივი ლატენტური პერიოდი, პათოლოგიურ პროცესში ნერვული სისტემის ჩართვა და სუსტი იმუნური პასუხი, რასაც თან სდევს პერსისტული ვირემია. განასხვავებენ აივ-1-სა და აივ-2-ს. აივ-2 მოგვიანებით აღმოაჩინეს. იგი აივ-1-სგან გენეტიკური თავისებურებების მიხედვით განსხვავდება და ძირითადად დასავლეთ აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაშია გავრცელებული,
თუმცა სხვა ქვეყნებშიც გვხვდება. აივ-2 აივ-1-თან შედარებით უფრო ძნელად გადაეცემა. იშვათია მისი ვერტიკალური გადაცემის შემთხვევებიც. აივ-2 ინფექცია კლინიკურად აივ-1 ინფექციის მსგავსია, თუმცა ვირუსული დატვირთვა, ჩვეულებრივ, დაბალია და დაავადების კლინიკური პროგრესირება უფრო ნელია.
აივ ადვილად ინაქტივირდება გარემოში. მშრალ პირობებში ვირუსი რამდენიმე საათში იღუპება, თუმცა შესაძლოა 1-3 დღე გაძლოს. qსოვილოვან კულტურაში ვირუსი ოთახია ტემპერატურაზე 15 დღე ძლებს, ხოლო 370C-ზე – 11 დღე. 56-60C-ზე ვირუსი 30 წთ-ში იღუპება. vირუსი ადვილად ექვემდებარება ქიმიური საშუალებებით სტერილიზაციას.
აივ-ის ძირითადი სამიზნე უჯრედებია CD4+ ლიმფოციტები (T helper ანუ Th ლიმფოციტები), გარდა ამისა იგი აინფიცირებს მონოციტ/მაკროფაგებს, ცნს-ის მიკროგლიას, ფოლიკულურ-დენდრიტულ უჯრედებს და სხვა.
აივ-ით უჯრედის ინფიცირებისას ვირუსის გარსის ცილა – gp120 უერთდება სამიზნე უჯრედის CD4 მოლეკულას, რასაც მოჰყვება ვირუსის შესვლა უჯრედში და მისი გენეტიკური მასალის ინტეგრაცია მასპინძლის გენომში. შემდეგ კი ახალი ვირიონების აწყობა.
როგორც ცნობილია, CD4+ ლიმფოციტები აივ-ის ძირითადი სამიზნე უჯრედებია. ისინი ძირითად როლს ასრულებენ როგორც ჰუმორული, ისე – უჯრედული იმუნური პასუხის განხორციელებაში, რის გამოც მათ იმუნური ორკესტრის დირიჟორს უწოდებენ. აივ ინფექციის იმუნოპათოგენეზში წამყვანი მნიშვნელობა ენიჭება CD4+ ლიმფოციტების რაოდენობის შემცირებას და მათი ფუნქციის დათრგუნვას, რასაც შედეგად მოყვება იმუნური სისტემის ფუნქციის დათრგუნვა – იმუნოსუპრესია. CD4+ ლიმფოციტების რიცხვი პროგრესულად მცირდება აივ ინფექციის პროგრესირებასთან ერთად. იგი ვირუსულ დატვირთვასთან ერთად მნიშვნელოვანი მარკერია აივ დაავადების მონიტორირებისათვის.
აღსანიშნავია, რომ ვირუსის რეპლიკაციის თითოეულ ციკლში წარმოქმნილი შტამები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება უჯრედული ტროპიზმით, ანტიგენურობით, წამლების მიმართ მგრძნობელობით და სხვა. აივ-ის მაღალი მუტაგენობა მას საშუალებას აძლევს ეფექტიანად აიცილოს თავიდან ანტივირუსული იმუნური პასუხი, რაც ვირუსის პერსისტენციას უწყობს ხელს. გარდა ამისა, აივ-ის მუტაციის ამგვარი უნარი დაბრკოლებებს ქმნის ვაქცინის შემუშავებისას და განაპირობებს წამლების მიმართ რეზისტენტული შტამების წარმოქმნას.
აივ ინფიცირების გზა, მოხვედრილი ვირუსის რაოდენობა, აივ-ის მოცემული შტამის პათოგენურობა და მასპინძლის გენეტიკური ფაქტორები გავლენას ახდენს აივ სპეციფიკურ იმუნურ პასუხზე.
განეიტრალიზებელი ანტისხეულები გამომუშავდებიან პირველადი ინფექციიდან 2-4 კვირის შემდეგ და მაქსიმუმს ასიმპტომური ფაზის დროს აღწევენ. მათი განსაზღვრა სისხლში რუტინული სეროლოგიური ტესტებით შესაძლებელია ინფიცირებიდან 4-8 კვირის შემდეგ. ანტისხეულების გაჩენას სისხლში სეროკონვერსია ეწოდება. ხოლო პერიოდს ინფიცირებიდან სეროკონვერსიამდე – ე.წ. ფანჯარა პერიოდი.
აივ ანტისხეულების კონცენტრაცია მკვეთრად ეცემა შიდსის განვითარებასთან ერთად. განეიტრალიზებელი ანტისხეულები აივ საწინააღმდეგო ციტოტოქსიკურ თ ლიმფოციტებთან ერთად იმუნური პასუხის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია, რომელიც დასაწყისში ნაწილობრივ აბლოკირებს აივ-ის რეპლიკაციას. თუმცა პირველადი ინფეექციის დროს არ ხდება აივ-ის სრული ელიმინაცია, რაც ინფექციის ქრონიკულ მიმდინარეობას განაპირობებს. პროვირუს დნმ-ის ინტეგრაცია მასპინძელი უჯრედის გენეტიკურ მასალაში და იმუნოკომპეტენტური უჯრედების, უპირატესად, CD4+ ლიმფოციტების დესტრუქცია, იმუნური სისტემის ფუნქციის მოშლას და ღრმა იმუნოდეფიციტის განვითარებას იწვევს.
გამოცდილება
ცენტრში მუშაობენ მაღალი დონის პროფესიონალი და გამოცდილი ინფექციონისტები
გამოცდილება
ხარისხიანი
დადებითი
24 საათი