Loading...
ალ. ყაზბეგის გამზირი N16, 0160, თბილისი. საქართველო
(+995 32) 239-80-18
   
Treatment Treatment

მკურნალობა

 

აივ ინფექცია/შიდსთან ასოცირებული ოპორტუნისტული ინფექციები და სიმსივნეები

აივ ინფექცია/შიდსით განპირობებული იმუნოდეფიციტის ფონზე ადამიანს შეიძლება განუვითარდეს სხვადასხვა ოპორტუნისტული ინფექციები და სიმსივნეები, რომლებიც მძიმე მიმდინარეობით ხასიათდებიან და ხშირად ლეტალური გამოსავლით მთავრდება. სწორედ ამიტომ ოპორტუნისტული ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლას, მათ პროფილაქტიკას, დიაგნოსტიკასა და მკურნალობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება აივ ინფექცია/შიდსით დაავადებული პაციენტების მკურნალობასა და მოვლაში.

აივ ინფექციას ხშირად თან დაერთვის ტუბერკულოზი ვითარდება აივ ინფექცია ტუბერკულოზის კიონფექცია, რომელიც მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება და ძნელია მისი მკურნალობა. აივ ინფექციის და ტუბერკულოზის კოინფექცია განსაკუთრებით აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს განვითარებად ქვეყნებში, სადაც აივ ინფექცია/შიდსმა პრაქტიკულად შემოაბრუნა ტუბერკულოზის ეპიდემია და საგრძნობლად გაიზარდა ამ დაავaდებით გარდაცვლილთა თუ დაავადებულთა რიცხვი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით აფრიკის ქვეყნებში ტუბერკულოზით ინფიცირებულთა 70% ამავე დროს ინფიცირებულია აივ-ით, ხოლო მსოფლიოში ყოველწლიურად გამოვლენილ ტუბერკულოზის შემთხვევათა 5-15% აივ ინფექცია-ტუბერკულოზის კოინფექციაზე მოდის. საქართველოში აივ ინფექცია-ტუბერკულოზის კოინფექცია 19,1%-ს აღწევს, ხოლო 3,4% აქტიურ ტუბერკულოზზე მოდის.

ტუბერკულოზის რეგისტრირებულ შემთხვევათა დიდი ნაწილი მოდის ფილტვის ფორმაზე, რაც განპირობებულია იმუნოდეფიციტით, ამ დროს ორგანიზმს უჭირს M. tuberculosis ზრდისა და გამრავლების შეჩერება და ადვილად აქტიურდება ტუბერკულოზის ჩაკირული კერები. ყალიბდება კავერნები ხშირად ადგილი აქვს დისემინირებულ ტუბერკულოზს. ავადმყოფებს კლინიკურად აღენიშნებათ ტუბერკულოზსათვის დამახასიათებელი ნიშნები: ხველა. ცხელება, წონაში კლება, სისუსტე და ოფლიანობა. დიაგნოსტიკის საუკეთესო მეთოდია ნახველის მიკროსკოპია რამდენიმე ულუფაში. აივ ინფექცია-ტუბერკულოზის კოინფექციის შემთხვევაში ოპტიმალური თერაპია გულისხმობს ანტიტუბერკულოზური მკურნალობის დაუყოვნებლივ დაწყებას და ანტირეტროვირუსული თერაპიის გარკვეული ვადით გადადებას პაციენტის მდგომარების, CD4+ ლიმფოციტების აბსოლუტური რიცხვის, აივ ინფექციის პროგრესირების და მედიკამენტების შესაძლო გვერდითი ეფექტების გათვალისწინებით.

აივ ინფიცირებულთა შორის ტუბერკულოზის პროფილაქტიკის მიზნით რეკომენდებულია ტუბერკულინის კანის სინჯის (მანტუს) ჩატარება და ინფიცირების შემთხვევაში ქიმიოპროფილაქტიკა იზონიაზიდით.

აივ ინფიცირებულ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს სხვა მიკობაქტერიული ინფექციებიც, კერძოდ M.avium-intracellulare-თი გამოწვეული ინფექცია რომელიც, შედარებით უფრო იშვიათად გვხვდება ვიდრე სხვა ოპორტუნისტული ინფექციები. მისი კლინიკური გამოვლინებებია: ცხელება, ღამის ოფლიანობა, დიარეა, წონაში კლება, კახექსია. დიაგნოზის დასმა ხდება ავადმყოფის სისხლის სპეციალურ ნიადაგზე დათესვით.

ტუბერკულოზის გარდა დიდი მნიშვნელობა ენიჭება სხვა ოპორტუნისტულ ინფექციებს, როგორიცაა ; პნევმოცისტური პნევმონია, Streptococcus Pneumoniae, Hemophilus influenzea, Klebsiella spp. Staphilococcus spp. და სხვა გამომწვევით გამოწვეული ინფექციური დაავადებები, რომელთა მკურნალობა საკმაოდ რთულია.

პნევმოცისტური პნევმონია წარმოადგენს ერთ-ერთ გავრცელებულ ოპორტუნისტულ ინფექციას მისი გამომწვევია Pneumocystis jiroveci (Pneumocystis carini) კლინიკური გამოვლინებებიდან აღინიშნება: ხველა, ქოშინი და ცხელება. ზოგჯერ იგი შეიძლება მიმდინარეობდეს ფილტვისმიერი გამოვლინებების გარეშე. ხშირად აღინიშნება სუნთქის უკმარისობის ნიშნები, ქოშინი და ციანოზი. დაავადება შეიძლება მძიმედ მიმდინარეობდეს და თუ მკურნალობა დროულად არ იქნა დაწყებული შეიძლება სიკვდილით დამთავრდეს. დიაგნოსტიკაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება გამომწვევის ცისტის აღმოჩენას ნახველში ან ბრონქიალური ლავაჟით მიღებულ სითხეში. რენტგენოლოგიურად პნევმოცისტური პნემონიის კლასიკური ნიშანია გამჭვირვალობის ღრუბლისებური დაქვეითება ორივე ფილტვის ქვედა წილში, რაც ყოველთვის არ აღინიშნება. მნიშვნელობა ენიჭება სუნთქვის ფუნქციის დაქვეითებას. მკურნალობა ტარდება სტაციონარში იმ ანტიმიკრობული პრეპარატებით რომელთა მიმართაც მგრძნობიარეა გამომწვევი (კლინდამიცინი, ტრიმეტოპრიმი და სხვა.) პნევმოცისტური პნევმონიის წარმატებული მკურნალობის შემდეგ, მეორადი პროფილაქტიკის მიზნით, აივ ინფიცირებულმა მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა მიიღოს ტრიმეტოპრიმ/სულფამეტოქსაზოლი. აღნიშნული პრეპარატის მიღება აივ ინფიცირებულმა შეიძლება შეწყვიტოს, თუ CD4+ ლიმფოციტების აბსოლუტური რაოდენობა სისხლში სტაბილურად აღემატება 200 მკლ-1 სამი ან მეტი თვის მანძილზე.

სხვა ეტიოლოგიის იმუნოდეფიციტების მკურნალობა ტარდება შესაბამისი სქემების და ეტიოლოგიური ფაქტორების გათვალისწინებით.

აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციები. ისინი შეიძლება იყოს ბაქტერიული, სოკოვანი ან პარაზიტული ბუნების. მათ კლინიკურ სურათში წამყვანია დისპეფსიური მოვლენები: დიარეა, გულისრევა, შეწოვის დარღვევა, რაც შეიძლება ნაწლავის ლორწოვანზე ხაოების ატროფიით იყოს გამოწვეული. დიარეა შეიძლება იყოს მწვავე ან ქრონიკული. თუ დიარეის დროს გამოიყოფა სისხლი მაშინ სავარაუდოა დიზენტერია ან ამებიაზი და საბოლოო დიაგნოზისათვის საჭიროა ლაბორატორიული გამოკვლევების ჩატარება. კუჭ-ნაწლავის პათოლოგიების სამკურნალოდ გამოიყენება ანტიმიკრობული პრეპარატები და რეჰიდრატაციული თერაპია.

აივ ინფექციის დროს ხშირად გვხვდება სოკოვანი ინფექციები. მათ შორის; ყველაზე გავრცელებულია კანდიდოზი. კანდიდოზის გამოწვევია საფუარის სოკო Candida albicans, რომელიც ჩვეულებრივ გვხვდება ჯანმრთელი ადამიანის პირის ღრუს, საშოსა და სწორი ნაწლავის მიკროფლორის შემადგენლობაში. აივ ინფიცირებულ პაციენტებში იგი იწვევს სხვადასხვა ლოკალიზაციის კანდიდოზებს: პირის ღრუს კანდიდოზი ხასიათდება ლორწოვანი გარსის ანთებით და მის ზედაპირზე კანდიდოზური ბალთების წარმოქმნით. იმუნოდეფიციტის გაღრმავებასთან ერთად კანდიდოზი შეიძლება გავრცელდეს საყლაპავსა და ხორხზე და გამოიწვიოს ყლაპვის გაძნელება. ამავდროულად შეიძლება განვითარდეს ბრონქების დაზიანება და დისემინირებული კანდიდოზი. კანდიდოზური ვულვოვაგინიტი ხასიათდება წვის და ქავილის შეგრძნებით და გამონადენით სასქესო ორგანოდან. კანის კანდიდოზს ახასიათებს შეწითლება, სისველე და დაზიანებული არეების ქავილი. საერთოდ კანდიდოზი ნებისმიერი წარმოშობის იმუნოდეფიციტის ხშირი გართულებაა. მისი დიაგნოსტირება ხდება დაზიანებული ადგილების ანაფხეკის მიკროსკოპული შესწავლით ან ბიოფტატის ჰისტოლოგიური გამოკვლევით. გარკვეული დიაგნოსტიკური ღირებულება აქვს კლინიკურ სიმპტომატიკას. მკურნალობისთვის გამოიყენება ადგილობრივი ან ზოგადი მოქმედების ანტიმიკოზური პრეპარატები. არანაკლებ მნიშვნელოვანია კრიპოკოკური მენინგიტის და სხვა სოკოვანი ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა.

აივ ინფექციის შედეგად განვითარებული იმუნოდეფიციტის ფონზე ხშირად ვითარდება სხვადასხვა გენეზის სიმსივნეები.

კაპოშის სარკომა ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი სიმსივნეა იმუნოდეფიციტების მქონე პირებისათვის. იგი გამოწვეულია მე-8 ტიპის ჰერპესვირუსით, დაავადება მძიმედ მიმდინარეობს და ახასიათებს ტენდენცია დისემინაციისაკენ. იგი აზიანებს პრაქტიკულად ყველა ორგანოს კანზე და ლორწოვანზე ვლინდება მეწამული არამტკივნეული პაპულების სახით. დიაგნოსტიკა წარმოებს კლინიკური ნიშნების და გამონაყარის შეფასების საფუძველზე. გამოიყენება ბიოფტატების შესწავლა. აუცილებელია ონკოლოგის კონსულტაცია, ადგილობრივი მკურნალობა გულისხმობს სხივურ თერაპიას, ხოლო დისემინირებულის სამკურნალოდ გამოიყენება ქიმიოთერაპია.

გარდა კაპოშის სარკომისა აივ ინფიცირებულებში მაღალია სხვა ავთვისებიანი წარმონაქმნების განვითარების სიხშირე. საშვილოსნოს ყელის კიბო აივ ინფიცირებულ ქალებში, სხვადასხვა სახის ლიმფომები, მათ შორის: არაჰოჯკინის, ცნს-ის პირველადი და ბერკიტის ლიმფომები, ასევე ბრტყელუჯრედოვანი კიბო.

აივ ინფექციისგან ჩამოყალიბებული იმუნოდეფიციტის ფონზე განსაკუთრებით აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს ვირუსული ინფექციები: ჰერპეს ვირუსი , ციტომეგალოვირუსულ ინფექცია და სხვა.

B და C ვირუსული ჰეპატიტები წარმოადგენს ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემას აივ ინფექცია/შიდსით დაავადებულთათვის. ეს ინფექციები ხშირად თან ერთვის აივ ინფექციას მათი გადაცემის მსგავსი გზების გამო და ახასიათებს მძიმე მიმდინარეობა.

ოპორტუნისტული ინფექციების, თანმხლები დაავადებების (B, C ჰეპატიტები) და სიმსივნეების პროფილაქტიკას, ადრეულ დიაგნოსტიკას და მკურნალობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მნიშვნელოვანია აივ ინფიცირებულ პირთა დროული გამოვლინება, ზემოთ აღნიშნული დაავადების და სიმპტომების არსებობის შემთხვევაში ნებისმიერი სპეციალობის ექიმმა უნდა მისცეს რჩევა პაციენტს ჩაიტაროს აივ ანტისხეულებზე ტესირება, რადგან აივ ინფექციის დროული დიაგნოსტიკა შემდგომი გართულებების ეფექტური პროფილაქტიკის და პაციენტის სიცოცხლის გახანგრძლივების საწინდარია.

გამოცდილება

რატომ აგვირჩევთ

ცენტრში მუშაობენ მაღალი დონის პროფესიონალი და გამოცდილი ინფექციონისტები

გამოცდილება

ექიმები

ხარისხიანი

მომსახურება

დადებითი

კონსულტაცია

24 საათი

მხარდაჭერა